აქტივისტი მეგი დიასამიძე არ გამორიცხავს, რომ პატიმრობა მიუსაჯონ
აქტივისტი, მეგი დიასამიძე "დროას” ლიდერისთვის, ელენე ხოშტარიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ეხმაურება.
- 23 წლის სტუდენტის მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად ხოშტარიამ კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა. თავის მხრივ დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
"პირველების" კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით მასაც პატიმრობა მიესაჯოს, დიასამიძის თქმით, „ქართული ოცნებისგან“ არაფერს გამორიცხავს“.
„მე წელიწადსა და 6 თვეს არ ველოდი, მეგონა ჯარიმით შემოიფარგლებოდა. არ მიკვირს, ყველაფერი შეუძლიათ იკადრონ ამ ადამიანებმა. მე მჯერა იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ რაც ურჩევია თავის პოლიტიკურ კონტექსტში დღევანდელობიდან გამომდინარე, რაც აწყობს, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს პროტესტის მონაწილეზე, იქნება ეს აქტივისტზე, თუ პოლიტიკოსზე. რაც აწყობთ, იმას გააკეთებენ და დღევანდელი გადაწყვეტილება ამის დასტურია ჩემთვის“, - განაცხადა მეგი დიასამიძემ.
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.