განცხადება ჩემი მოწამვლის შესახებ არის ხელისუფლების მცდელობა, გადაიტანონ ყურადღება - ელენე ხოშტარია

09.11.21 14:40
განცხადება ჩემი მოწამვლის შესახებ არის ხელისუფლების მცდელობა, გადაიტანონ ყურადღება - ელენე ხოშტარია

,,დროას" ლიდერი ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. ელენე ხოშტარიას განმარტებით, ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს იგეგმებოდა მისი მოწამვლა, მათი ფანტაზიის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს და არის მცდელობა, საზოგადოებამ ყურადღება გადაიტანოს სხვა, არარელევანტურ  თემებზე.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას ჩემს მოწამვლასთან დაკავშირებით, ეს ფაქტი მათი ფანტაზიის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, აგრეთვე არის მცდელობა, ყურადღება გადაიტანონ არარელევანტურ საკითხზე.

მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე არის ,,ქართული ოცნება", რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლია, გადაწყვიტოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური პირობებიდან გამოყვანა და ვციტირებ ომბუდსმენს, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. ამიტომ ლაპარაკი რაღაცა შეთქმულებებზე, რაღაცა მცდელობა დაპირისპირების ჩემს კოლეგებთან, ან აქცენტებისა და ყურადღების გადატანა მათ არ გამოუვათ, პირდაპირ ვეუბნები. ერთადერთი, რაზეც მათ ფიქრი მოუწევთ, არის ის პასუხისმგებლობა, რასაც ვერ მოიხსნიან სააკაშვილისა და ჩემი ჯანმრთელობის შესაბამისად. მეტს ამ საკითხზე არ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო - აცხადებს ელენე ხოშტარია.

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ცოტა ხნის უკან განაცხადა, რომ თანაგუნდელების მხრიდან იგეგმებოდა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოწამვლა.

მსგავსი სიახლეები