თინა ხიდაშელი: პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის ციხეში არავის უშვებენ თუ შეშლილ დიქტატურაში არ ცხოვრობ!
პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის ციხეში არავის უშვებენ - არავის თუ უბრალოდ შეშლილ დიქტატურაში არ ცხოვრობ! - ასე ეხმაურება სასამართლოს მიერ “დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი.
პლაკატზე წარწერის გამო ადამიანის ციხეში 1.6 წლით გამოკეტვა დიქტატორული ახირებებისა და ფსიქიკური აშლილობის შედეგია - დაწერა თავდაცვის ექს მინისტრმა.
“თავი მხოლოდ იმიტომ ხომ არ გაქვს, მუცელში წყალი არ ჩაგივიდესო - იტყოდა ხოლმე ბებიაჩემი და ზუსტად ეს ამბავია.
მინდა არასოდეს ვიცნობდე, არასოდეს შევხვდე ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებამ არ დაზაფრა, არ გაამწარა …
ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ყველას ერთი ემოცია გაქვთ, რომ არ შეიძლება, დაუშვებელია, დიქტატორული ახირებების და ფსიქიკური აშლილობის შედეგია, რომ ადამიანი 1,6 წლით ციხეში გამოკეტო პლაკატზე წარწერის გამო.
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვის აძლევ ხმას, ნულოვანი მნიშვნელობა აქვს ელენე მოგწონს თუ არა, ეთანხმები თუ არა, არც იმას აქვს მნიშვნელობა რომ ქალია და 4 შვილის დედა... მას დღეს შემამსუბუქებელი გარემოებები არ ჭირდება. პლაკატზე წარწერის გაკეთებისთვის ციხეში არავის უშვებენ, არავის თუ უბრალოდ შეშლილ დიქტატურაში არ ცხოვრობ!“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.