ხოშტარიამ "ჟანა დარკად წარმოგვიდგინა თავი - "ოცნების" დეპუტატი

24.03.26 15:42
ხოშტარიამ "ჟანა დარკად წარმოგვიდგინა თავი - "ოცნების" დეპუტატი

ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილ განაჩენზე "ქართულ ოცნებაში" კომენტარები კეთდება - დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსმა ქალმა, 4 შვილის დედამ "ჟანა დარკად წარმოგვიდგინა თავი". 

"წელიწადნახევარი როგორმე აიტანოს ისევ თავისი ქცევის გამო" - თქვა მან თემის კომენტირებისას.

"გირაო, ვიდრე განაჩენი გამოვიდოდა შესთავაზეს მას და რა ვიცი, ჟანა დარკად წარმოგვიდგინა თავი, რომ არავითარ შემთხვევაში მე ამას არ მივიღებ უკანონო ხელისუფლებისგან, ამას ვიზამ იმას ვიზამ და თვითდაპატიმრების პირველი სტადია მაშინ გამოამჟღავნა...

კანონი მხოლოდ ერთ პირობას აწესებს, რომ ის აღიარებს თავის დანაშაულს და ასეთ შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი, რომ პირობითი სასჯელი განესაზღვროს და გარეთ იყოს და ისე მოიხადოს სასჯელი. ამაზეც უარს ამბობს. ხოდა თუ ახლა ეს გზა თვითონ აირჩია დაგვანებოს რა ჩვენ თავი. ხომ არის წამებული რაინდი? ხოდა წელიწადნახევარი როგორმე აიტანოს ისევ თავისი ქცევის გამო" - თქვა მან. 

ევროპარლამენტმა 12 მარტს რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ მიიღო.

„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.