პაპუაშვილმა "ფარისეველი" უწოდა ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც პანაშვიდზე საშვების გამო პროტესტი გამოთქვა
შავა პაპუაშვილი „ფარისეველს“ უწოდებს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც პანაშვიდზე საშვების გამო პროტესტი გამოთქვა.
მისი მტკიცებით, აღნიშნული პოლიტიკოსები თავად არიან პასუხისმგებლები იმაზე, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობას არ იღებენ და შემდეგ ეკლესიაში ყოფნასთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამენ.
პარლამენტის თავმჯდომარე განსაკუთრებით აკრიტიკებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, და აცხადებს, რომ მისი განცხადებები ეკლესიის მიმართ სიმართლეს არ შეესაბამება და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა.
როდესაც ამ ადამიანებმა ზურგი აქციეს საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას, ახლა იმაზე წუწუნი, სად იყვნენ და სად არა, არის ფარისევლობა. ისინი იყვნენ პარლამენტის წევრები და დახიეს მანდატები. ყოფილიყვნენ პარლამენტში და რა თქმა უნდა, ისინი იქნებოდნენ წარმომადგენელი, მათ შორის, წირვის დროს.
რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ეს ხომ არის ფარისევლობის პიკი, რასაც ჩვენ ამ ქალბატონისგან ვხედავთ. ადამიანი, რომელიც არ იშურებს სიტყვებს იმისთვის, რომ ეკლესიას თავს დაესხას, ადამიანი, რომელმაც გლოვის დღეებში ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას. მან თქვა, თითქოს მსოფლიო პატრიარქს სურდა წირვის ჩატარება და ქართულმა ეკლესიამ უარი უთხრა, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ქალბატონმა სალომემ გლოვის დღეს ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა. ეს ადამიანი ყოველ დღე მომენტს არ უშვებდა, რომ თავს დასხმოდა ქართულ ეკლესიას, მის ხელმძღვანელებს, ეპისკოპოსებს და მათ ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა ამ დღეებში. ამ ქალბატონმა ისიც არ იცის, რომ კვირაობით ყველა ეკლესიაში წირვა ტარდება. ამ ყველაფრის შემდეგ, იმ თავდასხმების შემდეგ, რაც გლოვის დროს ქალბატონმა სალომემ იკადრა ეკლესიის წინააღმდეგ, როდესაც ცილი დასწამა ეკლესიას, ამის შემდეგ რომ კითხვები უჩნდება, სად იდგა და სად არა, ეს მე მგონი, აჩვენებს მის არაადეკვატურობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სამებისა და სიონის საკათედრო ტაძრებში ილია II-თან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე ძირითადად „ქართული ოცნების“ ლიდერები იმყოფებოდნენ. სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ტაძრების შიდა ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ისინი გარეთ, მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
„პირველების“ ინფორმაციით, პატრიარქის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასასწრებად საშვი არაერთმა პოლიტიკოსმა ითხოვა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მათ შორის, ცერემონიაზე ვერ მოხვდნენ საქართველოს მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტები.