ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის - რასა იუკნევიჩიენე
ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე წერს და ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება
„ახლახან ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ევროპარლამენტი ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ პატიმრებს სრულ სოლიდარობას უცხადებს, რაც მარტში მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - წერს ევროპარლამენტარი X-ზე.
ევროპარლამენტმა 12 მარტს რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ მიიღო.
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.