კალაძეს, რომლის ფოტოზე გაკეთებული წარწერის გამო ხოშტარია ციხეში გაუშვეს, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია
თბილისის მერი, რომლის ფოტოზე გაკეთებული წარწერის გამო ელენე ხოშტარია ციხეში 1 წლითა და 6 თვით გაუშვეს, დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ამ დღემდე არ გამოხმაურებია.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, კი 4 შვილის დედდის ციხეში გამოკეტვა კალაძეს უხერხულობას საერთოდ არ უქმნის.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი, ნიკა ფარულავა ამბობს, რომ ბანერი, რომლის გამოც პოლიტიკოსი 6 თვეა სასჯელს იხდის, კალაძემ მომხდარიდან 20 დღეში გადააგდო, რადგან არჩევნებმა ჩაიარა.
"რამე რომ უქმნიდეს უხერხულობას, ის ყველაფერზე კომენტარს აკეთებს, "რილსს" დებს, ვიდეოებს "სთორავს", მას მინიმუმ შეეძლო დაეწერა, რომ - გამოუშვით ეს ქალბატონი. ჩემ ფოტოზე გაკეთებული ორი სიტყვის გამო, შინაგანად, ადამიანურად, კაცურად მაწუხებს, რომ ქალი ციხეშია. კი არ აწუხებს, მეტიც მეტ სასჯელს ითხოვდა ჩვენ მისი ძველი განცხადებებიც გვახსოვს" - აცხადებს ის.
პოლიტიკოსის პატიმრობაში დატოვებას იურისტი ბორის ჩელე ყურუაც ეხმაურება. მისი თქმით, კალაძეს ყველა ინსტანცია უნდა მოეარა ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით, რადგან სახეზე დანაშაული არ არის.
ცოტნე კობედრიძის შეფასებით, ქალი პოლიტიკოსი 10 წუთში წაშლილი ნაწერის გამო გაასამართლეს და წელიწადნახევრით ციხეში გაუშვეს.
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.