სასაცილოდაც არ მყოფნის, ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა, ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება - ელენე ხოშტარია

24.03.26 18:27
სასაცილოდაც არ მყოფნის, ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა, ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება - ელენე ხოშტარია

“დროას“ დაპატიმრებული ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ გამოტანილს სასჯელს ეხმაურება და წერს, რომ გადაწყვეტილება “სასაცილოდაც არ ჰყოფნის.“

ხოშტარიას თქმით, მართლა ეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია.

ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, - წერს ხოშტარია.

როდესაც რუსულ რეჟიმს ებრძვი , არ აღიარებ  და გესმის - რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის.  ამ ფონზეც კი, სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა - ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო.
მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია. პირიქით, ერთგვარ სიამოვნებას მგვრის, ხან ე.წ. მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი ქოცი, აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცინება მათ ფაციფუცზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად და წყნარად ჩვენგან დარტყმებს.
ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. მხოლოდ ერთხელ. ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელნი და ქოცების იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, ქოცზე ბევრად უფრო კარგად!
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ოპოზიციურ ალიანსს ძალიან ზუსტი აქცენტისთვის, არანაირი ვაჭრობა არ იქნება! და მადლობა ყველას: ჟურნალისტებს, აქტივისტებს და საერთოდ ყველა მოქალაქეს თანადგომისთვის.
მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას. მე აქ არაფერი  მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ - მაქედან.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე,- წერს ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

 

„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები