კახიშვილი ადასტურებს, რომ სავარაუდო მოძალადე სისტემაში მან დააბრუნა
სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი, "პირველებთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ ძალადობაში დადანაშაულებული გლდანის მე-18-ე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი სისტემაში მან დააბრუნა.
საუბარია დაწესებულების დირექტორის პირველ მოადგილე გოგა ორდენიძეზე, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
კახიშვილი ირწმუნება, რომ ორდენიძეს სასჯელი გაქარწყლებული ჰქონდა და ამიტომ დანიშნა სასჯელაღსრულების სისტემაში.
ყოფილი მაღალჩინოსანი სავარაუდო მოძალადესთან ნაცნობობას ადასტურებს. მისი თქმით, გოგა ორდენიძეს იმ პერიოდიდან იცნობს, როცა ეს უკანასკნელი პოლიციაში მუშაობდა:
პოლიციაში მუშაობდა და იქიდან ვიცნობ. ჯერ კიდევ 2008 წელს გამოვიდა ციხიდან, რეაბილიტირებული იყო და სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს სამსახურში დავნიშნე. როგორც მე ვიცი, მას კანონთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, გაქარწყლებული ჰქონდა დანაშაული და შესაბამისად დაინიშნა. პირადი ნაცნობობა როგორ არ მაკავშირებს, პოლიციაში მუშაობდა და მეც ვიცნობდი, რა თქმა უნდა. უბნელია, სხვა არანაირი, ახლო ურთიერთობა არ გამაჩნია - მეზობლური, ახლო მეგობრული ურთიერთობა მე მასთან არ მქონია. უბრალოდ ვიცნობ ამ ადამიანს, როგორც სხვა ბევრ პოლიციელს, რომელიც სისტემაში მუშაობდა და ახლა მუშაობს"- განაცხადა "ტვ პირველთან" კახა კახიშვილმა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, გლდანის N18-ე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის პირველმა მოადგილემ ციხის საავადმყოფოში გადაყვანილ მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ორდენიძეს კრიმინალური წარსული აქვს, ის 2009 წელს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს და სისტემიდანაც გაუშვეს, თუმცა ის უწყებაში სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა, დააბრუნა.