თავისმა ოთხმა შვილმა მოჰკითხოს დედამისს - ქადაგიშვილი ხოშტარიაზე

25.03.26 15:24
თავისმა ოთხმა შვილმა მოჰკითხოს დედამისს - ქადაგიშვილი ხოშტარიაზე

 

 

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ელენე ხოშტარიას პატიმრობა სამართლებრივი გადაწყვეტუილებაა. ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ ქალი პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა მიზანმიმართულ სამართალდარღვევებს უკავშირდება, ხოლო სამართლებრივი სისტემა მას მაინც ჰუმანურად ეპყრობა.

ამასთან, ქადაგიშვილის მტკიცებით, ხოშტარიას და მისი "პატრონების" ამოცანაა, რომ ის მძევლად იყოს, რათა შემდეგ ეს ფაქტი სპეკულაციისთვის გამოიყენონ. 

პასუხისგებაში რომ მიეცემა ასეთი ანარქისტული ელემენტი, მერე, რა თქმა უნდა, იწყება სპეკულაცია, რომ ის არის პოლიტპატიმარი, 4 შვილის დედა და ა.შ. ადამიანს აქვს მიზანმიმართულად მრავალი სამართალდარღვევა ჩადენილი, აღიარებით ჩადენილი და ამბობს, რომ "მე ამას ვაკეთებ სპეციალურად". აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი სისტემა ჰუმანურად ეპყრობა, სთავაზობს გამოსავალს, რომ პატიმრობაში არ იყოს, მისი და მისი პატრონთა ამოცანაა, რომ ასეთი ადამიანი ჰყავდეთ მძევლად იქ, იმის გამო, რომ მერე საქართველოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეთ. აი, ეს არის მთელი ამ პროექტის შინაარსი. თავისმა ოთხმა შვილმა მოჰკითხოს დედამისს, უკაცრავად, - ამბობს ქადაგიშვილი. 

მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.

ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.