საქართველოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები 77 საქმეზე აქვს აღსასრულებელი - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს აღსასრულებელი აქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები 77 საქმეზე.
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიკაციიდან (1999) დღემდე საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში შესულია 202 საქმე, რომელთაგან 82 არის წამყვანი საქმე, 120 - განმეორებითი. მათ შორის დღემდე შესრულებულად - „დახურულად“ ჩათვლილია 125 საქმე (53 - წამყვანი, 72 - განმეორებითი).
2025 წელს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან აღსრულებაზე ზედამხედველობისთვის საქართველოს წინააღმდეგ მიიღო 11 საქმე (2024-ში - 13, 2023-ში - 15). ახალი დარღვევების უმრავლესობა ეხება სასამართლო პროცესების გადაჭარბებულ ხანგრძლიობას და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ერთი ახალი საქმე ეხება პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებით გამოყენებას.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მიერ აღსასრულებელი იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები 77 საქმეზე (2024-ში - 73, 2023-ში - 78), რომელთაგან 9 წამყვანი საქმე იყო ზედამხედველობის გაძლიერებული პროცედურის ქვეშ (მათგან ხუთი საქმე ხუთ წელიწადზე მეტია აღსრულებას ელოდება) და 20 წამყვანი საქმე (მათგან 9 ხუთ წელიწადზე მეტია აღსრულებას ელოდება), ზედამხედველობის სტანდარტული პროცედურით.
- ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველომ სამართლიანი კომპენსაცია სრულად დაფარა 9 საქმეზე.
ანგარიშში მოცემული ცხრილის თანახმად, 2025 წელს საქართველომ კომპენსაციების სახით სულ გადაიხადა 748 817 ევრო.
სრულად გადახდასა და/ან პროცენტულ წილზე დადასტურების მოლოდინია 5 საქმეზე, რომელთა დაფარვაზე ევროსასამართლოს მიერ დაწესებული ვადა ექვს თვეზე მეტი ხნის წინ ამოიწურა.
- ანგარიშში აცლკე თავია - რუსეთის ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეებისადმი:
მინისტრთა კომიტეტის ანგარიშის რუსეთის შესახებ ნაწილში (სახელმწიფოთაშორის საქმეებში) აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციას ამ დრომდე არ აღუსრულებია 2006 წლის სექტემბერსა და 2007 წლის იანვრის პერიოდში ქართველების მასობრივად დაკავებისა და გაძევების საქმეზე გადაწყვეტილება, აგრეთვე არ გაუცია „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის“ კონტექსტში ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევის გამო ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული კომპენსაციები. მინისტრთა კომიტეტმა კვლავ მოუწოდა რუსეთს შემდგომი დაყოვნების გარეშე, უპირობოდ შეასრულოს თავისი ვალდებულება.
მინისტრთა კომიტეტის ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩართულობის არარსებობისა და მისგან ინფორმაციის მიღების პრობლემა - როგორც მთავარი სისტემური წინაღობა ევროპის სასამართლოსთვის. რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს 2022 წელს, თუმცა მას კვლავაც ეკისრება ევროსასამართლოს ის კვლავაც ვალდებულია შეასრულოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები.
- ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წლიური ანგარიში მოიცავს ინფორმაციას ახალ, აღსრულების მომლოდინე და დახურულ საქმეებზე ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.