საერთაშორისო ორგანიზაცია ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს - როგორ პასუხობენ "ოცნებაში" მოთხოვნას

25.03.26 20:34
საერთაშორისო ორგანიზაცია ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს - როგორ პასუხობენ "ოცნებაში" მოთხოვნას

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის 1,5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურება. Amnesty International-მა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და "ქართულ ოცნებას" მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ელენე ხოშტარია უკვე მსჯავრდებულია. ვიდრე საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, საქმეში პოლიტიკური მოტივები დასავლური საზოგადოებისთვის უკვე ცხადი იყო. სწორედ ამიტომ ევროპარლამენტმა ელენე ხოშტარიას საკითხს სხდომა მიუძღვნა და რეზოლუციაც მიიღო. დღეს ევროპულ გაერთიანებაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ "ოცნება" უკან არ დაიხევს, რადგან მისი მიზანი ქვეყნის იზოლაციაა. 

ევროპარლამენტში ევროპული საბჭოდან უფრო მკაცრ გადაწყვეტილებას ელოდებიან. მსგავსი მოლოდინი და სურვილი აქვთ იტალიის სენატში. ელენე ხოშტარიას დაპატიმრება იყო დღევანდელ სხდომაზე განხილვის საგანი რომშიც. დეპუტატი ფილიპო სენსი მიიჩნევს, რომ "ოცნების" პრორუსულ პოლიტიკას ევროპის უფრო მკაცრი პასუხი სჭირდება.

საქმეს რომ სამართლებრივ პროცესთან კავშირი არ აქვს - ფიქრობენ ქართულ ორგანიზაციებშიც. იურისტები განმარტავენ, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ უგულებელყო ყველა სამართლებრივი ნორმა და სასჯელის სახით გამოიყენა ყველაზე მძიმე ფორმა, რაც არარელევანტურია იმ ზიანის გათვალისწინებით, რაც ჩადენილი ქმედებით დადგა. გარდა ამისა, ელენე ხოშტარიას ქცევა, უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, ჯდება პოლიტიკური აზრის გამოხატვის ფარგლებში, რომლის უფლებაც ახლა დარღვეულია.

დეტალურად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში