"ხოშტარიას 4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა" - კალაძის პირველი კომენტარი
თბილისის მერი, კახა კალაძე, რომლის საარჩევნო ბანერზე, ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხეში გაუშვეს, ქალი პოლიტიკოსისთვის გამოტანილ განაჩენზე პირველ კომენტარს აკეთებს.
"ელენე ხოშტარიას 4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა" - თქვა "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კალაძემ, რომელიც თავადაც 4 შვილის მამაა.
"ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებით, ხოთრატია პასუხისმგებელია თავის ქმედებაზე.
ეს არ იყო მხოლოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება, ეს იყო საარჩევნო პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ხელის შეშლა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოწოდება იქნა გაკეთებული. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ფაქტს, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია, შეურაცხყოფა მიგვეყენებინა მათთვის, მათი პლაკატები და ბანერები დაგვეზიანებინა და ა.შ. იგივე, მაგალითად, 4 ოქტომბრის რევოლუციური მცდელობა თქვენ ცდილობთ ეს წარმოაჩინოთ ისე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის დაზიანება, მაგრამ აღნიშნული ღობე დაზიანდა იმისთვის, რომ შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მაგალითად, საცხოვრებელი ბინის კარი შეიძლება ღირდეს 300 ლარი და როდესაც შენ მიზანმიმართულად ანგრევ, ცდილობ შეჭრას სხვის საცხოვრებელ სახლში, ეს განისაზღვრება როგორც ყაჩაღობა და აქვს შესაბამისი მუხლი და მოჰყვება შესაბამისი მოქმედება.
მე არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, თუმცა ჩვენ ყველა ზრდასრული ადამიანები ვართ, პატარა ბავშვები არ ვართ და ყველა ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე და გადაწყვეტილებაზე ჩვენ თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ. ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა გირაო გადაეხადა, ჰქონდა იმის შესაძლებლობა, ეღიარებინა ის, რაც გააფუჭა, მაგრამ ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვიტა, ეს მისი უფლებაა. 4 შვილზე ალბათ, ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს, ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: "რუსული ოცნება". ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.