რაზე ისაუბრეს სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელთან ოპოზიციის ლიდერებმა
ამერიკის საელჩოში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
ოპოზიციონერი ლიდერები აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე ძირითადი საკითხი განიხილეს, მათ შორის საქართველოს დემოკრატიის ძირითადი გამოწვევები და პოლიტიკური პატიმრები.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ელენე ხოშტარიასთვის 1 წლისა და 6 თვის მისჯა, მაშინ, როდესაც პიტერ ანდრეოლი ქვეყანაში იმყოფება, "სწორედ მისთვის დანახებული პოზიციაა "ქართული ოცნების".
ეკონომიკური საკითხები საქართველოს შემთხვევაში ვერ იქნება განყენებული დემოკრატიული პროცესებისგან. ორი მთავარი ძალა არის შავი ზღვა, რომელიც განაპირობებს კასპია-შავი ზღვის კორიდორს და დემოკრატია, ეს ორი რამ ერთმანეთისგან განუყოფელია და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს თავსებადი არ არის ივანიშვილის რეჟიმთან იმიტომ, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატია, ევროკავშირის ნაწილი და შავ ზღვაზე, ამის შემდეგ დასავლური ინტერესების განხორციელება იქნება შესაძლებელი.
რა თქმა უნდა, ვილაპარაკეთ პოლიტიკურ ტყვეებზე და ისიც აღვნიშნეთ, რომ გუშინ მისჯა, გუშინწინ მისჯა ელენე ხოშტარიასთვის, გუშინ დაჭერა აქტივისტების, სტუმრის აქ ყოფნის პირობებში, სწორედ მისთვის განკუთვნილი ინფორმაცია იყო და მისთვის დანახებული პოზიცია "ქართული ოცნების", რომ არავითარი დათმობა დემოკრატიის მიმართულებით არ იქნება.
ვუთხარით მთავარი, ჩვენ არ ვივაჭრებთ ტყვეებით, ჩვენ არ დავიხევთ უკან, იქნება დიდი აქციები," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტნიორებთან ყოველთვის პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს და არა საქართველოს ინტერესებიდან.
ივანიშვილი, იქნება ეს ამერიკელებთან, ევროპელებთან, თუ ბრიტანელებთან მიმართებაში, სადაც მაგალითად აჩიკო გაჩეჩილაძეს იყენებს შიკრიკად, რომ რამენაირად აირიდოს პერსონალური სანქციები დიდი ბრიტანეთიდან, ის [ივანიშვილი] ყოველთვის პარტნიორებთან საუბრობს არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ამერიკას რაც შეეხება, აქ საუბარია იმ მილიარდზე, რომელიც მას ჰგონია, რომ ახლა სანქცირებულია სახაზინო დეპარტამენტის სანქციების გამო. ამიტომ, მისი პირადი ინტერესები, უპირველესყოვლისა და შემდგომ მეასეხარისხოვანი ის, რაც ჩვენ გვაღელვებს, ანუ ჩვენი ქვეყნის ეროვნული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, "ქართული ოცნების" რეჟიმი ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი არ არის.
გეგელია აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე "ოცნების" - პოლიტიკური ოპოზიციის დევნის, პოლიტიკური პლურალიზმის სპობის და პოლიტიკური პარტიების გაუქმების - მცდელობები, განიხილეს.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ძალიან ფართო მიმოხილვა იმ მძიმე გამოწვევების, რაც ჩვენ დემოკრატიას გააჩნია დღეს - პოლიტიკური ოპოზიციის დევნის, პოლიტიკური პლურალიზმის სპობის, პოლიტიკური პარტიების გაუქმების, მცდელობებისა, რაც "ქართულ ოცნებას" აქვს. ქოცური რეჟიმი არ არის თავსებადი ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან," - თქვა გრიგოლ გეგელიამ.
პარტია "თვისუფლების მოედნის" თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებთან დაკავშირებული "დამატებითი ტვირთის" შემსუბუქების შესახებ ისაუბრეს.
ჩემი პირველი თხოვნა მის მიმართ იყო, იქნებ მოხერხდეს ამ ვიზებთან დაკავშირებული დამატებითი ტვირთის საერთოდ გაუქმება, ან შემსუბუქება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ვისაუბრე პოლიტპატიმრების საკითხზე, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რაც არ უნდა მოგვწონდეს ერთმანეთის მოსაზრებები, რომ ადამიანები ამის გამო ციხეში დავამწყვდიოთ," - ამბობს ლევან ცუცქირიძე.