ბიზნესმენი, რომელიც დონეცკიდან ქვანახშირის შემოტანას აპირებს, ივანიშვილს ყურების დაჭრით ემუქრება

27.03.26 20:39
ბიზნესმენი, რომელიც დონეცკიდან ქვანახშირის შემოტანას აპირებს, ივანიშვილს ყურების დაჭრით ემუქრება

ბიზნესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ყურების დაჭრით დაემუქრა, ვალერიანე ქოჩიაშვილია. მისი ეს განცხადება, სავარაუდოდ, მცდელობაა აჩვენოს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეუთანხმებლად მოქმედებს, თუმცა საუბარია შესაძლო ბიზნესკავშირებზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან.

ინფორმაციის მიხედვით, ქოჩიაშვილი დონეცკიდან საქართველოში ქვანახშირისა და მადნის შემოტანას გეგმავს. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები მან დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან გამართა. ასეთი ტიპის საქმიანობა კი, ექსპერტების შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მინიმუმ არაოფიციალურ თანხმობას მაინც საჭიროებს.

გეგმის მიხედვით, ტვირთმა წარმოშობით დონეცკიდან საქართველოს საბაჟო უნდა გაიაროს, თუმცა არსებული ნიშნებით, ქოჩიაშვილისთვის ეს გზა უკვე ნაწილობრივ გამზადებულია.

თუ „ჯორჯ ოილის“ მფლობელი ბიზნესმენი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვაჭრობას დაიწყებს, მას საბანკო ტრანზაქციების გამოყენება შეეზღუდება და ფინანსური ოპერაციების განხორციელება ალტერნატიული გზებით მოუწევს. ამასთან, ასეთი საქმიანობა ავტომატურად ზრდის საერთაშორისო სანქციების რისკს.

რუსული ქვანახშირი უკვე მოქცეულია ევროპული სანქციების ქვეშ — პუტინის რეჟიმი უკრაინის რესურსებს უკანონოდ იყენებს და მათ რუსულ პროდუქტად აფორმებს, რის შემდეგაც ექსპორტს ახორციელებს მესამე ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში.

მსგავსი სქემა ადრე როსტოვში მოქმედებდა, სადაც ოპერირებდა ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის კომპანია. ქოჩიაშვილის როსტოვში ვიზიტიც ამ კონტექსტში განიხილება, როგორც შესაძლო პარალელი. ვარაუდობენ, რომ მისი „ჯორჯ ოილიც“ შესაძლოა ანალოგიური სქემის ამუშავებას გეგმავდეს.

ექსპერტები აფრთხილებენ, რომ თუ ოკუპირებული დონბასიდან მიღებული რესურსებით ვაჭრობა ქართული კომპანიის მეშვეობით და საქართველოს გავლით დაიწყება, ეს ქვეყანას ახალი საერთაშორისო სანქციების წინაშე დააყენებს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.