„ოცნება“ ომბუდსმენს დაუპირისპირდა - იოსელიანის განცხადებამ ივანიშვილის გუნდში უკმაყოფილება გამოიწვია

27.03.26 20:46
„ოცნება“ ომბუდსმენს დაუპირისპირდა - იოსელიანის განცხადებამ ივანიშვილის გუნდში უკმაყოფილება გამოიწვია

„ქართული ოცნება“ დღეს მათივე არჩეულ სახალხო დამცველსაც დაუპირისპირდა. ლევან იოსელიანი აქამდე ერთადერთი ფიგურა იყო, რომლის მიმართაც ივანიშვილის გუნდის კრიტიკა არ ისმოდა, თუმცა პოლიტიკური პროცესის ფონზე ეს ვითარებაც შეიცვალა.

შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებული პოზიციის გამო დაუპირისპირდა. საუბარია სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტზე, სადაც იოსელიანი აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მანჯგალაძის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაატა მანჯგალაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი იყო. დოკუმენტის მიხედვით, მას არ მოუწოდებია ძალადობისკენ, არ იმყოფებოდა სასახლის ტერიტორიაზე და არც ჯებირებზე გადასულა.

ამასთან, იოსელიანი აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბერს პირადად ესაუბრა პაატა მანჯგალაძეს და მისი მხრიდან დეტალურად აქვს მიღებული ინფორმაცია იმ დღის მოვლენებზე.

მიუხედავად ამისა, პაატა მანჯგალაძე უკვე ექვსი თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში ერთადერთი „მტკიცებულება“ ვიდეომიმართვაა, სადაც ორგანიზატორები მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

ადვოკატის შეფასებით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში პაატა მანჯგალაძე თავისუფალი უნდა იყოს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.