პროკურატურას დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებენ
ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება? — შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატი საქართველოს პროკურატურას რეალური დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს.
გახარიას საქმეზე, დღეს 27 მარტს, 20 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული პირები დაკითხეს. ყოფილი პრემიერის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება სწორედ გიორგი გახარიამ გასცა.
ადვოკატების შეფასებით, გამოძიება მიზანმიმართულად არ ეხება იმ პირებს, ვინც რეალურად მიიღო გადაწყვეტილება ძალის გამოყენებაზე. ვისზე მიანიშნებს ყოფილი პრემიერის გუნდი და კონკრეტულად ვის აფარებს ხელს პროკურატურა — ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
პროკურატურა შერჩევითად ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და რეალური დამნაშავეები, რომლებმაც ამ ადამიანებს მიაყენეს უშუალო დაზიანება რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად, პროკურატურას არც დაუდგენია და არც კონკრეტული ნაბიჯები გადაუდგამს მათ გამოსავლენად და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად, - თქვა გახარიას გუნდის წევრმა ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის შემდეგ.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მოითხოვა საქმეში მტკიცებულებად ეუთოს სპეციალური მექანიზმის ანგარიშის დართვა, სადაც საუბარია, რომ გიორგი გახარიას მიმართ შესაძლოა პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ეს არის მართლმსაჯულება, რომელიც ხორციელდება მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების ფონზე, ამიტომ არანაირი მოლოდინი აქ მართლმსაჯულების განხორციელების და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის, ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ არსებობს. თქვა გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ.