უსმენდნენ მოსაყდრეს და მის გარემოცვას - ფაილები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან 2021 წელს გამოჟონილი ფაილების თანახმად, 2017 წლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც მოსაყდრედ მეუფე შიო [მუჯირი] დასახელდა, სუსი უკვე იმას ითვლის, ვინ ვის მისცემს ხმას?!
ფაილების მიხედვით, ამავე პერიოდში, ტოტალური მიყურადება მიდის თავად მოსაყდრეზეც.
- მოპოვებული ფაილების მიხედვით, სუს-ის მოსმენების აგენტი, გიორგი გოგიაშვილი ადგენს დოკუმენტს ნომრით 231 და მოსმენაზე რთავს 30 სასულიერო პირს, მათ შორის მიტროპოლიტებს, წინამძღვრებს, საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორს, შიო მუჯირის დას, სიძეს, პირად დაცვას, მძღოლს, თანაშემწესა და სტიქაროსანსაც კი. სუს-ის ფაილების თანახმად, მოსმენაზე არიან აყვანილი ლევან ვასაძე და მისი მეუღლე ნინო დურგლიშვილი.
ინფორმაციული ცნობის მიხედვით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი და დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ლევან ვასაძის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მოპოვებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 მარტს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაუკავშირდა თავის თანაშემწეს, დაბა კიკეთში მდებარე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. მათ შორის საუბარი წარიმართა ბიზნესმენ ლევან ვასაძის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
შ. მუჯირის თქმით, ლ. ვასაძეს უკანასკნელ პერიოდში აქტიური კომუნიკაცია აქვს ,,უფროსთან” (სავარაუდოდ გულისხმობს პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს), რომელიც ცდილობს, ლ. ვასაძე ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში. შ. მუჯირი აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როგორც მისთვის ლ. ვასაძისგან არის ცნობილი, ,,უფროსის” მხრიდან მიღებული შემოთავაზებები ატარებს სერიოზულ ხასიათს - ,,ლევანი დიდ ამბებშია ძალიან, აქ ეს ეკონტაქტება უფროსი, რაღაცეებს ექაჩება, რა უნდა ბოლომდე ვერ გავიგეთ, მაგრამ ფაქტია რაღაც სერიოზული უნდა”.თავის მხრივ, ა. ჯაღმაიძემ შ. მუჯირს განუცხადა, რომ გარკვეული პერიოდის წინ ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მასაც ჰქონდა საუბარი ლ. ვასაძესთან. ა. ჯაღმაიძის თქმით, ლ. ვასაძე თავისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდება უმნიშვნელო სახის შემოთავაზებას.
საუბრის მიწურულს, შ. მუჯირმა ისაუბრა საქართველოს პატრიარქ ილია II-ის შესახებ. მოსაყდრე მიიჩნევს, რომ უწმინდესი თავისი ხანდაზმული ასაკიდან გამომდინარე აზროვნებს საკმაოდ პროგრესულად. კერძოდ, შ. მუჯირი ხაზს უსვამს უწმინდესის შეხედულებებს ლიბერალური იდეოლოგიის შესახებ. მისი თქმით, პატრიარქი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, ლიბერალური შეხედულებების მქონე პიროვნებებს აფასებს უარყოფითად და მიიჩნევს, რომ ისინი წარმოადგენენ ქყვეყნისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს. აქვე შ. მუჯირმა ა. ჯაღმაიძეს განუმარტა, რომ უწმინდესმა ლიბერალურ იდეოლოგიასთან დაკავშირებით ისაუბრა მხოლოდ ,,ვიწრო წრეში” (არ ასახელებს კონკრეტულ პიროვნებებს) და შესაბამისად მისი მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირება დაუშვებელია.შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ შ. მუჯირს ლ. ვასაძესთან ბავშვობიდან აკავშირებს ახლო მეგობრული ურთიერთობა.