დიდი გადანაწილება სახელმწიფო ტენდერებში - ვინ ჩახსნეს - ვინ მოვიდა?
191 მოგებული ტენდერი, 27 გამარტივებული შესყიდვა და ბიუჯეტიდან მიღებული თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი - კომპანია "სერპანტინი", რომელიც წლების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის ერთპიროვნული მონოპოლისტი იყო, სახელმწიფო შესყიდვების რადარებიდან ქრება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვასთან დაკავშირებულ კომპანიას, 2024 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ, ტენდერი აღარ მოუგია.
"შაბათის ეთერი" არკვევდა, როგორ იცვლება ფავორიტი კომპანიები მთავრობებთან ერთად. სატენდერო დოკუმენტაციით დგინდება, რომ "სერპანტინმა", რომელის მფლობელებიც ირაკლი ღარიბაშვილთან იყვენენ კავშირში სახელმწიფო შესყიდვებში შესვლა 2 წლიანი პაუზის შემდეგ კიდევ სცადა, თუმცა კომპანიამ, რომელიც 15 მილიონიან ტენდერებს იგებდა, 2026 წლის 26 იანვრის ნახევარ მილიონიანი ტენდერის მოგებაც კი ვეღარ შეძლო.
დოკუმენტების შესწავლის შედეგად "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ სერპანტინი "ქართული ოცნების" ყოფილ ჩინოვნიკებთან დაკავშირებული ერთადერთი მსხვილი მოთამაშე არ არის, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ბაზრიდან გაქრა.
"ნიუ როუდი", "ილი ჯგუფი", "ბიპი ტრანსი", საგზაო სამშენებლო კომპანია "სერპანტინი", "ბლექსი გრუპი" - ეს იმ უმსხვილესი კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ბაზარს მართავდნენ და რომლებიც ღარიბაშვილ-ლილუაშვილის დაკავების შემდეგ ტენდერებიდან გაუჩინარდნენ.