ოფიციალურად: დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

30.03.26 13:09
ოფიციალურად: დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - დავით გაბაიძემ „ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე თავად დავით გაბაიძემ განაცხადა.

საგანგებო ბრიფინგზე გაბაიძემ მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს.

„ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ. გუნდთან მქონდა კონსულტაციები, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით. მოტივაცია ერთადერთია, არასრული ათი წელია ამ თანამდებობაზე ვარ, ნამდვილად დადგა ის დრო, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს.

აქ სიტყვა „კლანი“ არ არის ის ტერმინი, რომელიც უნდა გამოვიყენო. თორნიკე რიჟვაძის მოსვლამდე ვიყავი თავმჯდომარე, ამ ორი ფაქტის დაკავშირება არა მგონია სწორი იყოს.

ამ ეტაპისათვის, ბუნებრივია რაღაც პერიოდი უმაღლეს საბჭოში მომიწევს ყოფნა, ჩვენი გუნდიდანაც მაქვს შემოთავაზებები, მაქვს რაღაც გადაწყვეტილებები და ეს კონსულტაციები ოჯახთან უნდა გავიარო.

ჩემი შემცვლელი შეიძლება იყოს უმრავლესობის ნებისმიერი წევრი. ყველა ღირსეულია, გუნდმა უნდა გააკეთოს, უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, თუკი ეს ცოტნე ანანიძე იქნება, მივესალმები მის კანდიდატურას“, - განაცხადა დავით გაბაიძემ.

გაბაიძე, რომელიც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის ნათესავია, რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოს თითქმის ცხრა წელია ხელმძღვანელობს.