ლევან იოსელიანი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს "მეგობრის მოსაზრებით" სხვა საქმეებზეც მიმართოს
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი არ გამორიცხავს, რომ პაატა მანჯგალაძის საქმის მსგავსად, სხვა დაკავებულების საქმეშიც აღმოჩნდეს, რომ წარდგენილ ბრალთან შედარებით მტკიცებულებები საკმარისი არ არის და შესაბამისად ომბუდსმენის აპარატმა სასამართლოსთვის "მეგობრის მოსაზრება" მოამზადოს.
ამის შესახებ ლევან იოსელიანმა "TV პირველის" ეთერში დიანა ტრაპაიძესთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
მისი თქმით, პაატა მანჯგალაძეს წარდგენილი აქვს ძალადობის ორგანიზების მუხლი, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ომბუდსმენი თვლის, რომ არ არის საკმარისი სტანდარტი, რომ ასეთი განაჩენი გამოვიდეს ამ საქმეზე.
არცერთი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიმართ არ მაქვს განსხვავებული დამოკიდებულება, ვგულისხმობ განსხვავებული საქმის თვალსაზრისით. აბსოლუტურად ყველას ვუდგები თანაბრად, მაგრამ არის საქმეები, რომლებსაც ვსწავლობთ და სადაც აშკარაა არის რაღაც გარემოებები, რომელზეც ვცდილობ, რომ უფრო მეტი ვისაუბრო. არაფერ შუაში არ არის ჩემი მასთან [პაატა მანჯგალაძესთან] ნაცნობობა, უბრალოდ ისე დაემთხვა, თქვენ ეთერში ვთქვი ამის შესახებ, რომ მე მასთან სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა 4 ოქტომბერს.
თავისთავად ამას მე ნაცნობობის გამო არ ვსაუბრობ, ნაცნობობის გამო არ ვაკეთებ, უბრალოდ მართლა საქმის მასალები როდესაც შევისწავლეთ, იმ საქმის მასალებზე დაყრდნობით კონკრეტულად ის ბრალი, რაც მას აქვს წარდგენილი და ეს არის ძალადობის ორგანიზება, ამ ბრალთან მიმართებაში, ეს საქმის მასალები არ არის საკმარისი, რომ კონკრეტული შედეგი დადგეს. მივმართავთ სასამართლოს, რომ განიხილოს ჩვენი "სასამართლოს მეგობრის მოსაზრება" და შესაბამისად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მძიმე მუხლი არის, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვთვლით, რომ არ არის საკმარისი სტანდარტი, რომ ასეთი განაჩენი გამოვიდეს ამ საქმეზე.
უამრავი ადამიანი არის პაატას [მანჯგალაძის] გარდა დაკავებული, ზოგი რა მუხლით, ზოგი რა მუხლით. რაღაც საქმეები შესწავლილი გვაქს, რაღაც საქმეები ნანახი გვაქვს და რომ ყოფილიყო სხვა საქმეებშიც ანალოგიური საფუძველი, რა თქმა უნდა, ანალოგიურს მოვამზადებდით. არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ ასეთები გამოჩნდეს და მოვამზადოთ, მაგრამ ყველა საქმე არ არის ერთნაირი. ზოგან არის იმის მტკიცებულება, რომ კონკრეტული ბრალი რაც წარდგენილი აქვს ადამიანს, ეს ბრალი დადასტურდეს მტკიცებულებებით და ზოგან ვთვლით, მაგალითად პაატას საქმეში, რომ ასეთი მტკიცებულებები საკმარისი არ არის," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
- სახალხო დამცველი პაატა მანჯგალაძის გათავისუფლებას ითხოვს.
- ბრალი, რომელიც პაატა მანჯგალაძეს აქვს წარდგენილი, მტკიცებულებებს არ ემყარება,- აცხადებს ლევან იოსელიანი, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს „მეგობრის მოსაზრება“ უკვე წარუდგინა.
- მისი თქმით, არსებული მასალებით არ იკვეთება არც ბრალდებულის როგორც ორგანიზატორის როლი და არც თანამონაწილეობა, რის გამოც სასამართლოს მოუწოდა, გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ გარემოებებს.