"უმორალო, უსამშობლო აგენტები" - "ოცნება" "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციას აკრიტიკებს

31.03.26 16:14
"უმორალო, უსამშობლო აგენტები" - "ოცნება" "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციას აკრიტიკებს

"ქართული ოცნების" წევრები პარლამენტში ოპოზიციური ალიანსის მიერ 26 მაისს დაანონსებულ შეკრებას გამოეხმაურნენ. 

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციამ გადაწყვიტა "უფრო გავლენიანი პატრონები მოძებნოს" - "ამ პროცესს კი, როგორც თავად დაგვიანონსეს, აშშ-დან იწყებენ". 

"ოცნების" დეპუტატმა ოპოზიციის ლიდერებს "უმორალო, უსამშობლო აგენტები" უწოდა. 

კვლავ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობად" გაფორმებული აგენტები მიიჩნევენ, რომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული გარე დავალებები და მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისად რადიკალური არ არის, რაც მათი წარუმატებლობის მთავარი მიზეზია, შესაბამისად გადაწყვიტეს, უპირობო მორჩილების შეთავაზების სანაცვლოდ ახალი, მათ წარმოდგენაში უფრო გავლენიანი გარე პატრონები მოძებნონ. ამ პროცესს კი, როგორც თავად დაგვიანონსეს, აშშ-დან იწყებენ. 

თქვენ ასრულებთ უცხო ქვეყნის დავალებებს და ატარებთ მათ ინტერესებს საქართველოში, ამიტომაც ხართ უმორალო, უსამშობლო აგენტები," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. 

"ქართული ოცნების" წევრმა, თორნიკე ფაღავამ პარლამენტში განაცხადა რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ ქართული საზოგადოებისათვის პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა". 

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიცია გაერთიანდება თუ დაიშლება - "მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისათვის".

9-წლიანი მმართველობის, 12-წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობისა და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ ქართული საზოგადოებისათვის პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა, შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს გაერთიანდებიან ისინი, თუ დაიშლებიან, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისათვის და ასე იქნება მუდამ," - აღნიშნა  თორნიკე ფაღავამ. 

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია ცდილობს "დაძაბულობის, ესკალაციის, ან პოლიციასთან შეჯახების სურათი დადგან".

ფიქრობენ, რომ ამ საზეიმო დღის, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად დაძაბულობის რეჟიმში იქნებ გადავიყვანოთ. ეს მიზანი არის, სხვა აქ მიზანი ხომ არ არის არანაირი და მათი მთელი ქმედება გათვლილია რაზე, რომ რამენაირად ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. იქნებ დაძაბულობის, ესკალაციის, ან პოლიციასთან შეჯახების სურათი დადგან, რომ მერე დასავლეთიდან მარტა კოსი იქნება, თუ იუკნევიჩიანე თქვას, რომ საქართველოში დემოკრატია ირღვევა, აი მთელი ფილოსოფია მათი ყოველკვალტარული ახალი პოლიტიკური იდეების "ფრქვევისა" დადის აქამდე," - თქვა "ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. 

"ოპოზიციის ალიანსმა" 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დიდი შეკრება დააანონსა - ერთობლივი განცხადება საგანგებო ბრიფინგზე ზურა ჯაფარიძემ წაიკითხა.