ჯეკა უნდა მოიყვანონ, ცუგა და იმან უნდა დამადოს ხელი - ელისაშვილის პირველი რეაქცია ახალ ბრალზე

31.03.26 18:05
ჯეკა უნდა მოიყვანონ, ცუგა და იმან უნდა დამადოს ხელი - ელისაშვილის პირველი რეაქცია ახალ ბრალზე

"დამნაშავე საერთოდ არ ვარ!" - ამ სიტყვებით დაასრულა სასამართლო სხდომაზე საკუთარი სათქმელი ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც მეორედ დასდეს ბრალი ტერორისტულ აქტის მცდელობაში. ორივე საქმე სასამართლოს შენობის დაწვის მცდელობას უავშირდება. 

ახალ საქმეზე პროკურატურა სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს ეყრდნობა, და ამტკიცებს, რომ მათ მოქალაქეების ლიდერი სხვებისგან სუნით გამოარჩიეს.

ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ ელისაშვილის სასამართლო დღეს პირველად გაიმართა. "მოქალაქეების" ლიდერი არცერთ ბრალს არ აღიარებს.

დაკავებული პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ტერორიზმის მუხლით აღძრული ახალი ბრალი "ქართული ოცნების" პოლიტიკური შურისძიების გაგრძელებაა, რომლის მიზანიც მისი და პროტესტში მყოფი აქტიური მოქალაქეების გაშავებაა. 

ელისაშვილი ფიქრობს, რომ მისი სახელის დაზიანებით "ოცნებას" უნდა, დააზიანოს პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების გათავისუფლების პროცესი. 

"რისთვის ვზივარ ციხეში? - ზოდები იპოვეს, ფული თუ "კარტიეს" საათები" - თქვა ელისაშვილმა. 

რას ამბობს დატყვევებული პოლიტიკოსი ახალ ბრალზე? 

  • ახალი ბრალის დადგენილების მიხედვით, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:40 საათზე, ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ერთ-ერთი ფანჯარა დააზიანა, საიდანაც ცეცხლი წაუკიდა და ხანძარი გააჩინა შენობაში.

დაახლოებით ათი დღეა, მე და ჩემმა ადვოკატებმა ვიცით, რომ ახალი ბრალის წარდგენა უნდოდათ ისევ ტერორიზმის მუხლით. ოთხი თვეა, ციხეში ვარ. რომ დამაკავეს, ხომ იცოდნენ, ეს საქმე გაუხსნელი იყო. დაკავებისთანავე კი არ წარმიდგინეს ბრალი, ერთი თვის მერე კი არ წარმიდგინეს ბრალი, სამი თვის მერე კი არა, ახლა. ორ-ბრალდებიანი ტერორისტი ვარ პროკურატურის წყალობით და, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია ახლა ეს ამბავი.

ჯერ კადრები რომ ვნახე, მოვკვდი სიცილით. როგორი ამბავია, წარმოიდგინეთ: ჯეკა უნდა მოიყვანონ, ცუგა და იმან უნდა დამადოს ხელი. არა და ჩემი ტანსაცმელიც აქვთ, ჩემი წინდებიც, ჩემი მაისური, რომ დამაკავეს, მაშინდელიდან მოყოლებული. აყნოსებენ იმას და იმან მერე ჩემს წინააღმდეგ ჩვენება უნდა მისცეს. ამით მიჭერენ, ჯეკა მიჭერს.

გუშინ ორ ვერსიაზე ვფიქრობდი, ორი ვერსია მაქვს, რატომ აკეთებს ამას პროკურატურა: 

  • ერთი, რომ დაკავებამდე ძალიან მიყვარდა “ტიკ-ტოკში” იმ ვიდეოების ნახვა, მშობლები რომ ბავშვებს დატოვებენ ხოლმე და სახლებში რომ ბრუნდებიან, მურაბა რომაა კედელზე წასმული, ბავშვები უნიტაზში რომ ჭყაპუნობენ და ყველაფერი რომ არეულია ხოლმე, ეგეთი განცდა მაქვს, რომ იურისპრუდენციის გიგანტმა ფარცხალაძემ რაც დატოვა პროკურატურა, ეტყობა, იქ რაღაც სახლობანას თამაშობენ და აერიათ, მტკიცებულება რა არის, ძაღლი სად უნდა გამოიყენონ და ა.შ. ეს არის ერთი ვერსია.
  • მეორე ვერსია არის ის, რომ პროკურატურაში არის აჯანყება და სინამდვილეში პროკურატურას ყელში ამოუვიდა ამ რაღაც საშინელი დავალებების მიღება. მსოფლიო ისტორიაში არის ასეთი მაგალითები, რომ საკუთარ ავტორიტარულ რეჟიმს ადამიანები სახელმწიფო სამსახურში დივერსიას უწყობენ. როგორც ჩანს, ამ საქმით, რომელიც ერთ ცუგაზეა აწყობილი, პროკურატურა აჯანყდა და მეხმარება, რადგან ეს საქმე დამეხმარება, რომ აქაც გავმართლდე და მეორე საქმეშიც. საერთო საქმესაც დაეხმარება.
  • პირბადიანი, ხელჯოხიანი კაცი მოდის თავისთვის, ჯოხით სიარული დანაშაული ხომ არ არის. მერე აჩვენებენ სადღაც კილომეტრიდან გადაღებულ კადრს, სადაც ჩანს სილუეტი. ქალია, კაცია, ვინ არის ღმერთმა უწყის და მართლა რაღაც დანაშაულებრივი ქმედება ხდება, რაღაცას ისვრის და იქიდან ცეცხლი გამოდის. ან ერთი ეპიზოდი მეორესთან რა შუაშია ან მე რა შუაში ვარ. ის ჯოხიანი კაცი თენგიზ შარმანაშვილს უფრო ჰგავდა.

ახლა პოლიტიკურ კონტექსტს ავხსნი, რა უძღოდა ამას, რას ველოდი და რატომაა ეს სინამდვილეში ძალიან მაგარი ამბავი ჩემთვისაც, რომ ტერორიზმის ორივე ბრალდებაში გავმართლდე და საერთო საქმეს როგორ ემსახურება, - განაცხადა ელისაშვილმა.

პოლიტიკოსმა პოლიტიკურ კონტექსტზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმმა”, [იმ სამართლებრივმა სახელმძღვანელო დოკუმენტმა] "ქართულ ოცნებას" ჩასცხო ურო. 

ეს იყო ურო, რომელიც მათ ძალიან მაგრად მოხვდათ... გუშინ რომ რუბიომ დარეკა, ეგეც ამ კონტექსტში ჯდება. ნინო წილოსანისა და მათიკაშვილის მოსაკითხად კი არ დაურეკავს იმ ადამიანს. იმ დასკვნამ ამათ უკვე ჩამოხსნა ის ნიღაბი, რომ ესენი არიან ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას აწამებს.

ამის შემდეგ გამოდის პაპუაშვილი ყოველ დღე და მართავს ბრიფინგებს, ელისაშვილი და სააკაშვილია პოლიტპატიმარიო? ამ ორ გვარს ატრიალებს. მე მაშინვე ვიგრძენი, რასაც აპირებდნენ, გვანახეთ სია, გვანახეთ სიაო იმას, ნიშნავს, რომ საჯარო განცხადებები არის აისბერგის წვერი, გაცილებით მეტი ხდება კულუარებში და რაც გარეთ გამოდის, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი. გაცილებით მნიშვნელოვანი არის დაფარული. იმ წამს მივხვდი, რომ პოლიტიკური პატიმრების სია მათ მაგიდაზე უდევთ, აქვთ როგორც თავისი ვერსია, ასევე უცხოელების ვერსია და აქ, საქართველოში სხვადასხვა ჯგუფისგან შექმნილი ვერსია, ალბათ ჩემი სახელი და გვარიც იქ არის. მათ რომ ჩახედეს ამ სიას, ამოარჩიეს ჩემი სახელი და გვარი და დაიწყეს ამის ტრიალი - ტერორისტიო. შემდეგ ჩახედეს, მიხვდნენ. აგერ, პროკურორი შემთხვევით კი არ გამომეცვალა ამ საქმეზე. ის გოგოც კაი სისხლისმსმელი კი ჩანდა, მაგრამ ალბათ იმანაც უთხრა ალბათ, რომ იმ მტკიცებულებებით ტერორიზმის დამტკიცება აბსურდიაო, ამიტომ მოინდომეს ჩემი კიდევ უფრო მეტად გაშავება, რომ ჩემი სახელი და გვარი კიდევ უფრო დაემძიმებინათ ახალი დანაშაულით, გაიხედეს, გამოიხედეს, გაახსენდათ ერთი წლის წინანდელი ამბავი, რომელიც ვერ გახსნეს, რომელსაც თან ტერორიზმის მუხლითაც არ იძიებდნენ, თაროზე იყო შემოდებული და ჩემთვის “შეტენვა” მოინდომეს იმიტომ, რომ უცხოელებისთვისაც და ქართველებისთვისაც ეთქვათ, ეს ერთჯერადი ტერორისტი კი არ არის, ეს არის დაჟინებული ტერორისტი. ჩემი სახელითა და გვარით ცდილობენ გააფუჭონ და დააზიანონ დანარჩენი პოლიტიკური პატიმრებისა და სინდისის პატიმრების აუცილებელი და გარდაუვალი გათავისუფლების პროცესი. მე ამას ვხედავ, მე არ მინდა რაღაც მოლოდინები შევქმნა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არც რუბიოს ზარი იყო შემთხვევით და არც ბატონი პაპუაშვილის წკმუტუნი ჩემს გვართან დაკავშირებით იმიტომ, რომ მათ მალე მოუწევთ ციხის კარის გახსნა და ადამიანების გამოშვება"- დასძინა დაკავებულმა პოლიტიკოსმა. 

მისი თქმით, ამაყობს, რომ "საქართველოს სიყვარულისთვის ზის ციხეში".  

თავი არ დავუხარე უსამართლობას. შესაბამისად, მე ვიწევი ამ ყველაფრისგან და ჩემი პრინციპული და კატეგორიული პოზიციაა, რომ არცერთ სიაში არ უნდა იყოს ნახსენები ჩემი სახელი და გვარი.

რა თქმა უნდა, ჩემს წინააღმდეგ ყველაფერი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. რისთვის ვზივარ ციხეში, ოქროს ზოდები მიპოვეს? გადახვეული დოლარები იპოვეს თუ “კარტიეს” საათები? ჯარი გავძარცვე? არა, მე საქართველო მიყვარს..."- აღნიშნავს ელისაშვილი. 

ამასთან, ბრალდებული დარწმუნებულია, რომ "ქართულ ოცნმებას" პოლიტიკური და სინდისის პაყტიმრების გათავსიუფლება მალე მოუწევს. სიტყვის დასასრულს მან ქალთა ციხეში მყოფი მზია ამაღლობელზხე და "დროა" ლიდერ ელენე ხოშტარიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "საქართველოს ისტორიას ძალიან მაგარ თავს წერენ მზია ამაღლობელი და დანარჩენი პატიმრები". 

ელენე ხოშტარიასთან არასდროს კარგი პოლიტიკური ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ ძალიან მაგარი გოგო არის, ვაჟკაცი გოგოა. ის ზინოვკინაც ძალიან მაგარია, თამარ ლორთქიფანიძეც. მათ გამოშვებას ძალიან მალე ვნახავ, ძალიან მალე იქნება ეს პროცესი, მაგრამ მე ამ პროცესისგან ვიწევი.

პოლიტიკური ცვლილებების ქარმა დაუბერა და ყველაზე მაგარი ამბავი ეს არის. ყველას მადლობა, ვინც ამ ცვლილებებს ქმნის” - დასძინა მან.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ახალ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. მოსამართლემ წინასასამართლო სხდომის თარიღი განსაზღვრა.

შეგახსენებთ, 30 მარტს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ამჯერად მას 2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ედავებიან. 

თავად ელისაშვილი უარყოფს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში, შარშან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თვითონაა.

"ძაღლები პოლიტიკოსის საქმეში"

დაკავებული პოლიტიკოსის უფლებადამცველები ჟურნალისტებთან აცხადებენ, რომ საქმეში მხოლოდ ოდოროლოგიური ექსპერტიზა [ ადამიანის იდენტიფიცირების მცდელობა სუნის მიხედვით] დევს.

"არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც საქმეს [საქალაქო სასამართლოს შენობის არქივში ხანძრის გაჩენა] ალეკო ელისაშვილთან დააკავშირებდა, გარდა ძაღლებისა" - თქვა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ. 

მისი თქმით, პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზითაც დადგინდა, რომ ვიდეო-კადრები პირის იდენტიფიცირებისთვის უვარგისია.

ადვოკატი აცხადებს, პროკურატურის ვერსიით, „თაროზე შემოდებული” საქმეში ალეკო ელისაშვილის კავშირი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიიღეს, რის შემდეგაც ჩატარდა ძაღლების საშუალებით ექსპერტიზა. ჩოფიკაშვილის თქმითვე, ახალ საქმეში მოწმეც კი არ არსებობს.

ელისაშვილი ამჟამად ისედაც პატიმრობაში იმყოფება.  ის უკვე ბრალდებულია ტერორიზმის ერთ ეპიზოდში. ედავებიან 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობას. ამ საქმეზე არსებითი განხილვის პირველი ეპიზოდი სწორედ დღეს შედგა. 

მსგავსი სიახლეები