ტრამპმა არა, თუმცა რუბიომ დარეკა - რეალურად რაზე ესაუბრა სახელმწიფო მდივანი კობახიძეს?
ტრამპმა არა, თუმცა რუბიომ დარეკა. ამ ზარის ადრესატიც არ ყოფილა ის, ვინც მას დიდხანს ელოდა - ყაველაშვილის ნაცვლად კობახიძეს დაურეკეს. ზარი ვაშინგტონიდან თბილისის დროით დღის მეორე ნახევარში შედგა. ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ რაც საჯაროდ დაწერეს ერთმანეთს არ ემთხვევა.
ოპოზიციის შეფასებით, ირაკლი კობახიძე ცდილობს, ეს სატელეფონო კომუნიკაცია იზოლაციის გარღვევის მცდელობად წარმოაჩინოს, თუმცა ამის საშუალებას ქართულ ოცნებას სახელმწიფო დეპარტამენტის მცირე განმარტება არ აძლევს. რუბიოს უწყებაში ამბობენ, რომ საუბარი კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას შეეხო.
ქრონოლოგიურად ყველაფერი ასე მოხდა. რუბიო-კობახიძის სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა გაასაჯაროვა და მხოლოდ მცირე განმარტება გამოაქვეყნა. მხოლოდ ამის შემდეგ დაწერა ირაკლი კობახიძემ ტვიტერზე, რომ სახელმწიფო მდივანს ტელეფონით ელაპარაკა. ამ კომუნიკაციაზე უფრო მეტი დეტალის თქმა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს შეუძლია, თუმცა ის დღეს მედიასთან არ გამოჩენილა, კომენტარს არ აკეთებენ ქართული ოცნების არც სხვა ლიდერები.
რეალურად რისთვის დარეკა სახელმწიფო მდივანმა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საუბრის მთავარი თემა ირანი იყო. მაშინ, როცა შეერთებული შტატები ირანში სახმელეთო ოპერაციას ამზადებს, სპეციალისტების შეფასებით რუბიო სავარაუდოდ დაინტერესდა რა პოზიცია უკავია ირანის მეზობელ ქვეყნებს.