დენი გაძვირდა - ექსპერტების შეფასებით, ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირება გარდაუვალია

31.03.26 20:54
დენი გაძვირდა - ექსპერტების შეფასებით, ცხოვრების კიდევ უფრო გაძვირება გარდაუვალია

ხვალიდან ყველა გაძვირებული დენის საფასურს გადავიხდით. თუ აქამდე 20 ლარს იხდიდით, ახლა მინიმუმ 26-ის გადახდა მოგიწევთ, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ხარჯი, რომელიც იზრდება - ელექტროენერგიის ტარიფი ჯაჭვურად გააძვირებს ყველაფერს. დენის საფასური ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და მას ყველა საწარმო ითვალისწინებს, სანამ პროდუქტის საბოლოო ფასს დაადგენს, ამიტომ მხოლოდ დროის ამბავია, რომ მოქალაქეებს დახლებზეც კიდევ უფრო გაძვირებული სურსათი დახვდეთ.  

ფინანსისტები განსაკუთრებით რძის საწარმოებზე, საცხობებზე, სარესტორნო ქსელებზე გავლენას ელოდებიან. მარეგულირებელი კომისიის არგუმენტი გაზრდილი მოხმარება და დაზიანებული ქსელია. ამ ფონზე ქვეყანაში იზრდება დენის იმპორტი, ელექტროენერგიასაც ოკუპანტი რუსეთისგან ვყიდულობთ. მხოლოდ წელს, იანვარში რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 389 მლნ კვტ.სთ იყო. იმპორტირებული დენი უფრო ძვირია.

ელექტროენერგიის ტარიფი ბიზნესისთვის დიდი თავის ტკივილი ხდება საწვავის ფასების ზრდასთან ერთად. ეს ორი ფაქტორი ფასების ზრდას თავის კვალს დაატყობს. საერთაშორისო კომპანიებმა უკვე გააფრთხილეს დისტრიბუტორები პროდუქტის მოსალოდნელ გაძვირებაზე.

როგორ მივედით ამ შედეგამდე?- არკვევდა ლიკა ჯანყარაშვილი