ამ დღეს ორი გმირი ჰყავს - ზვიად გამსახურდია, რომელმაც გაბედა ეს ნაბიჯი გადაედგა და ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი ნება გამოხატა - ზურაბიშვილი

31.03.26 19:16
ამ დღეს ორი გმირი ჰყავს - ზვიად გამსახურდია, რომელმაც გაბედა ეს ნაბიჯი გადაედგა და ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი ნება გამოხატა - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც კიდევ ერთხელ საუბრობს ამ დღის მნიშვნელობაზე და იმ რეალობაზე, რომელიც 35 წლის შემდეგ დგას ქვეყანაში.

ზურაბიშვილის თქმით, ამ დღეს 2 გმირი ჰყავს - მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც გაბედა ეს ნაბიჯი გადაედგა და გმირი ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა, თავისი ნება გამოხატა. 

მისივე თქმით, 35 წლის შემდეგაც, რუსეთი კვლავ ცდილობს ქართველი ერის დაყოფას და ამაზე ქართველ ხალხს მკაფიო პასუხი აქვს გასაცემი.

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა, ამ დღეს ორი გმირი ჰყავს: ერთი მხრივ, ეს არის მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც გაბედა ეს ნაბიჯი გადაედგა და მეორე მხრივ, გმირი ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა, თავისი ნება გამოხატა - უარი თქვა რუსეთზე, უარი თქვა იმ უახლოეს წარსულზე, რომელიც მონობის წარსული იყო.

ეს კითხვა, სამწუხაროდ, ჩვენს წინაშე დგას 35 წლის მერეც, რასაც არავინ იფიქრებდა, ჩვენ არ ვიფიქრებდით იმას, რომ ხელახლა, ასე ტრაგიკულად იქნებოდა დასმული კითხვა: რა გინდათ, რუსეთი თუ საქართველო? რუსეთი თუ თავისუფლება? რუსეთი თუ დამოუკიდებლობა? რუსეთი თუ სახელმწიფო? და ჩვენი პასუხი კიდევ ერთხელ არის გასაცემი, გასაცემი კიდევ ერთხელ ყველასი ერთად, რადგან არაფერი ისე არ უწყობს ხელს რუსეთს და მტერს, როგორც ერის დაყოფა. რუსეთი ყველა მხრივ, ყველანაირად ცდილობს, რომ სწორედ დაგვყოს და ყველანაირად ცდილობს რუსული რეჟიმი საქართველოში, რომ არ შედგეს ერთობა, არ შედგეს ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა, საითკენ უნდა საქართველოს განვითარება. ასე რომ, ეს პასუხი დღესაც ჩვენი გასაცემია. პასუხს უკვე სცემენ ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ციხეში არიან და ციხიდან გვეუბნებიან, რომ ჩვენი მომავალი არის ერთობაში და ერთად გაცემულ პასუხშია, არა რუსეთს, კი საქართველოს“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი სიახლეები