ექსპერტიზა ვერ ადგენს რომ პირი, რომელიც სასამართლოს ცეცხლს უკიდებს ელისაშვილია (დოკუმენტი
ალეკო ელისაშვილის საქმეში, მთავარი ვიდეო მტკიცებულება, პირის ვინაობის დასადგენად, უვარგისი აღმოჩნდა. ამის შესახებ ექსპერტიზის დასკვნაშია საუბარი, რომელიც პირველებმა მოიპოვა. შსს ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს მთავარი ექსპერტი, ნინო ბორაშვილი დასკვნაში წერს, რომ კადრების უხარისხოა და ვერ დაადგნეს, ვინ არის პირი, ვინც სასამართლოს შენობას ალმოდებული ნივთი ესროლა.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულების კვლევისას დადგინდა, რომ საკვლევ გამოსახულებებს აქვთ დაბალი სიმკვეთრე და საშუალოდ კონტრასტულია, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კონტრასტის მომატებისას, გამოსახულებებში იკვეთება ციფრული ხმაური, ამიტომ ფოტოგამოსახულებებზე მკვეთრად არაა გამოსახული საკვლევი ობიექტის კონტურები. გამოსახულებებში ასახული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გარეგნობისთვის მახასიათებელი საიდენტიფიკაციო ნიშნების კონტურების, ფორმების, ზომების და მათი ურთიერთგანლაგების ზუსტი გარჩევა შეუძლებელია, აქედან გამომდინარე ფოტოგამოსახულებებზე დაფიქსირებული პიროვნების გარეგნობისთვის მახასიათებელი ერთობლიობა არ ქმნის პიროვნების საიდენტიფიკაციო ნიშნების ინდივიდუალურ მყარ კომპლექსს, რაც გვაძლევს საფუძველს დასკვნისთვის, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე (No44-54; No57-60; No62-64; No71-77; No79-80; No83-87) დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულების მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ პიროვნების სავარაუდო დადგენა/ამოცნობა" წერია, შსს ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს, მთავარი ექსპერტის დასკვნაში, რომლიც 2026 წლის 25 მარტით თარიღდება.
30 მარტს საქართველოს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ამჯერად პოლიტიკოს 2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ედავებიან. გაავრცელეს ვიდეოც, სადაც უწყების მტკიცებით, ელისაშვილია ასახული. ელისაშვილს ბრალი ტერორიზმის მუხლით წაუყენეს.
როგორ დაადგინა პროკურატურამ, რომ ელისაშვილა 2025 წლის მაისში ცდილობდა სასამართლოს შენობის დაწვას?
მთავარი მტკიცებულა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაა. ეს არის მეთოდი, რომელიც ადამიანის იდენტიფიცირებას სუნის მიხედვით ცდილობს. ამ მეთოდით დასკვნის მომზადების დროს ექსპერტები დანაშაულის ადგილიდან სპეციალური მასალებით სუნის ნიმუშს იღებენ. შემდეგ იგივე პროცედურას ატარებენ ეჭვმიტანილთანაც. ამ ნიმუშებს ერთმანეთს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით ადარებენ. შემდეგ კი ექსპერტი აფასებს, ემთხვევა თუ არა სუნის კვალი კონკრეტულ პირს.
რას ამბობს ელისაშვილი?
მე მინდა ეს პოლიტიკური კონტექსტი ავხსნა... ორბრალდებიანი ტერორისტი ვარ ჩვენი პროკურატურის წყალობით. რა თქმა უნდა, ღიმილისმომგვრელია ეს ამბავი. გუშინ ორ ვერსიაზე ვფიქრობდი, ჯერ კადრები რომ ვნახე, მოვკვდი სიცილით. როგორი ამბავია, „ჯეკა“ უნდა მოიყვანონ, „პაკუსია“ და დამადოს ხელი. არადა ჩემი ტანსაცმელიც აქვთ, ჩემი წინდებიც აქვთ და მაისური, რომ დამაკავეს მაშინდელი, რა უნდა ახლა - აყნოსინებ იმას, მერე იმ „ჯეკას“ მოიყვან და იმან უნდა ჩვენება მისცეს ჩემს წინააღმდეგ, ამითი მიჭერენ, „ჯეკა“ მიჭერს.
გუშინ ვფიქრობდი ორ ვერსიაზე, ერთი - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იურისპრუდენციის გიგანტმა ფარცხალაძემ დატოვა პროკურატურა, ეტყობა, სახლობანას თამაშობენ პროკურატურაში და არ იციან მტკიცებულება რა არის, ძაღლი სად უნდა გამოიყენონ და ა.შ. ეს არის ერთი ვერსია.
მეორე ვერსიაა, რომ პროკურატურაში არის აჯანყება და სინამდვილეში პროკურატურას ყელში ამოუვიდა ამ რაღაცა საშინელი დავალებების მიღება და გადაწყვიტეს - მსოფლიო ისტორიაში არის წინააღმდეგობის ასეთი ფორმები, რომ საკუთარ ავტორიტარულ რეჟიმებს ადამიანები სახელმწიფო სამსახურში დივერსიებს უწყობდნენ ხოლმე. როგორც ჩანს, ეს საქმე, რომელიც ერთ ცუგაზეა აწყობილი, რომელმაც უნდა ხელი დამადოს, შეიძლება მოლაპარაკე ძაღლიც მოიყვანონ, არ გამოვრიცხავ, როგორც ჩანს, პროკურატურას ამოუვიდა ყელში და აჯანყდა და მეხმარებიან მეც ამ საქმეში... თქვა ელისაშვილმა 2026 წლის 31 მარტს სასამართლო პროცესზე