მოვისმინეთ დადასტურება, რომ ორბანი და სიიარტო პოლიტიკურად დამოკიდებული არიან მოსკოვზე - ტუსკი
მოვისმინეთ იმის დადასტურება, რომ ორბანი და სიიარტო პოლიტიკურად დამოკიდებული არიან მოსკოვზ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ირლანდიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტრაგედიაა, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ - თავად ორბანმა და მინისტრმა სიიარტომ - ფაქტობრივად დატოვეს ევროკავშირი.
“რთულია ვინმემ რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინოს“ - ამბობს ტუსკი.
“რაც მოვისმინეთ, რასაც უკვე ვეჭვობდით, ვიქტორ ორბანის მთავრობისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი სიიარტოს, მოსკოვზე ღრმად შემაშფოთებელი პოლიტიკური დამოკიდებულების, უბრალოდ დადასტურებაა.
დიდი ხანია არ მომისმენია, თუ ოდესმე მომისმენია, ასეთი გულდასაწყვეტი რამე. რაც ამ ჩანაწერებმა გამოავლინა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბუდაპეშტის მოსკოვზე პოლიტიკური დამოკიდებულება; ამან გამოააშკარავა რეალურად რამდენად მიუღებელი და უცნაურია ეს ურთიერთობები.
ევროპული ქვეყნის - ევროკავშირის წევრის - საგარეო საქმეთა მინისტრი ანგარიშს აბარებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავალების შესრულებაზე და მოთმინებას სთხოვს, ვინაიდან იცის, რომ კიდევ რამდენიმე დავალება უნდა შეასრულოს? რთულია ვინმემ რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინოს. სრულიად მადისკვალიფიცირებელია,- განაცხადა ტუსკიმ.
რაც შეეხება უნგრელ ხალხს, პოლონეთის პრემიერის თქმით, პოლონეთს უყვარს უნგრეთი, და პოლონელებს უყვართ უნგრელები, შესაბამისად, მოხარულები არიან ევროპული საზოგადოების ნაწილად ყოფნით უნგრელ ხალხთან ერთად.
პოლონეთს უყვარს უნგრეთი, და პოლონელებს უყვართ უნგრელები; ჩვენმა მეგობრობამ ათწლეულები და საუკუნეები გაძლო. ამიტომაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ უნგრეთში ყველამ გაიგონოს ეს: ჩვენს მხრივ არაფერი შეცვლილა. გვიხარია ევროპული საზოგადოების ნაწილად ყოფნა უნგრელ ხალხთან გვერდით.
ტრაგედია იმაშია, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ - ნამდვილად თავად ორბანმა და მინისტრმა სიიარტომ - ფაქტობრივად დატოვეს ევროკავშირი დიდი ხნის წინ”, - განაცხადა ტუსკმა.
ცნობილია, რომ უნგრეთის მინისტრმა არ უარყო ლავროვთან საუბრის ჩანაწერის ნამდვილობა.
დღეს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, პეტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის არსებული „ცხელი ხაზი“ მოსკოვს აწვდიდა სტრატეგიულ ინფორმაციას ევროკავშირის მნიშვნელოვან საკითხებზე.
უფრო კონკრეტულად, მასალები მიუთითებს, რომ სიიარტო კრემლის ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა, მათ შორის, ლობირებდა სანქცირებული ოლიგარქების (ალიშერ უსმანოვის დის) ევროკავშირის „შავ სიიდან“ ამოღებას.
სხვა საუბარში, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან, სიიარტო აცხადებდა, რომ ყველაფერს აკეთებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტის დასაბლოკად და სთავაზობდა დახმარებას რუსული სუბიექტების გადასარჩენად.