ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ
საქართველოს შესახებ ანგარიშს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე სესიის ფარგლებში განიხილავენ. მომხსენებელი სტიუარტ დიქსონია, რომელმაც დოკუმენტი სექტემბრის თვეში ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში მოამზადა.
დებატები და კენჭისყრა გაიმართება შესწორებაზე, რეზოლუციის პროექტსა და რეკომენდაციის პროექტზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს კონგრესი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: „სასწრაფოდ განაახლონ პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მეშვეობით, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული, პოლარიზაციის შესამცირებლად და პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და ბალანსის აღსადგენად; განახორციელონ კონგრესის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რათა აღადგინონ ნამდვილი ადგილობრივი დემოკრატია ქარტიის შესაბამისად“.
კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
„გააუქმონ საარჩევნო კოდექსში პრობლემური ცვლილებები და განახორციელონ ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელსაც წინ უძღვის ფართო კონსულტაციები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და ყველა ძირითადი ხარვეზის აღმოსაფხვრელად; დაუყოვნებლივ შეაჩერონ ოპოზიციური ხმის კრიმინალიზაციის პროცესი და გააუქმონ ცვლილებები, რომლებიც ხელს უწყობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, დაუყოვნებლივ ხელახლა შემოიღონ გენდერული კვოტები და გააძლიერონ არსებული დებულებები ადგილობრივ პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის გაზრდის მიზნით; გააუქმონ ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას, დაუბრუნდნენ ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად კონგრესის სისტემატურად მოწვევის პრაქტიკას და ბოლოს, ნამდვილი დიალოგის აუცილებელ წინაპირობად“.