დენის გაძვირების ფონზე ივანიშვილმა მტკვარი ჰესი უკან გამოისყიდა - დამთხვევა თუ გათვლილი ნაბიჯი
საქართველოში ელექტროენერგიის გაძვირების ფონზე ენერგეტიკულ სექტორში ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გააქტიურებაზე საუბრობენ — ორი წლის წინ გასხვისებული მტკვარი ჰესი მან კვლავ გამოისყიდა.
ჰესის გაყიდვა-გამოსყიდვის დეტალები საჯარო არ არის და კითხვები რჩება როგორც თავდაპირველი გასხვისების, ისე უკან დაბრუნების მიზეზებზე. არსებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2024 წლიდან მტკვარი ჰესის პროექტი ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მიერ გაცემული სესხით ფინანსდებოდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ჰესი შესაძლოა ფორმალურად იყო გასხვისებული.
მტკვარი ჰესი 54 მეგავატიანია და უკვე მომგებიან პროექტად ითვლება. წლიურად ის დაახლოებით 250 მილიონ კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო 2025 წელს ენერგოსისტემას 213 მილიონ კილოვატსაათი მიაწოდა. ჰესის ყიდვა-გაყიდვის თანხა უცნობია.
პროექტთან დაკავშირებულ ფინანსურ სქემაში ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ სახელდება კომპანია „ჰიდროჯენიუსი“. ჰესის მმართველი კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, კობა ჩეკურიშვილს, შესაძლო გარიგების დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ექსპერტების შეფასებით, ენერგეტიკული სექტორი საქართველოში მაღალი მომგებიანობით გამოირჩევა და ხშირად უკავშირდება გავლენიან ბიზნეს და პოლიტიკურ ჯგუფებს. მათი თქმით, მტკვარი ჰესის გარშემო მიმდინარე პროცესები შესაძლოა ამ ტენდენციის გაგრძელებად განიხილებოდეს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.