"არ გაგვიჭირდება" - რას ამბობენ "ოცნებაში" შვეიცარიის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე
შვეიცარიის გადაწყვეტილებას, საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ეხმაურებიან.
"ოცნების" დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელები, ოფიციალური ვიზიტის შემთხვევაში შვეიცარიის საელჩოში ვიზას აიღებენ, ხოლო ტურისტული მიზნებისთვის ჩვეულებრივ პასპორტს გამოიყენებენ.
არ გაგვიჭირდება, თუ შვეიცარია მიგვიწვევს იქ რაიმე ტიპის მოლაპარაკებაზე, მივალთ საელჩოში და ავიღებთ ვიზას, რა გასაჭირი ეს არის ვერ გავიგე. ხოლო თუ წავალ ჟენევის ტბის დასათვალიერებლად, რაც არამგონია, უახლოეს მომავალში ამის სურვილი გამიჩნდეს, საკმაოდ ძვირიანი ქვეყანაა და თავს შევიკავებდი ასე უცებ იქ გაქცევისაგან, ტურისტულად, მაშინ წავალ ჩვეულებრივი პასპორტით, მაშინ დამატებითი ვიზის აღება არ დამჭირდება. აქ არის ლაპარაკი, როგორც ოფიციალური პირი ვიზის გარეშე," - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.
კახა კალაძის თქმით, შვეიცარიის გადაწყვეტილება ორმაგი სტანდარტია და სახელმიფოს მიმართ დამოკიდებულების მაჩვენებელია, ვინაიდან "ქართული ცონება" მართავს ქართულ სახელმწიფოს".
საუბარი როდესაც არის ქვეყნის ინტერესებზე და ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, მე ვფიქრობ, პასპორტების თემა, არ ვიცი საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.
იმიტომ [ვფიქრობ რომ ეს სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულებაა], რომ დღეს, "ქართული ცონება" მართავს ქართულ სახელმწიფოს," - თქვა კახა კალაძემ.
ხოლო "ოცნების" წევრმა, მარიამ ლაშხმა "TV პირველის" ჟურნალისტისგან შეიტყო შვეიცარიის მიერ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.
უი მართლა? არ ვიცოდი. მე დამასანქცირა?" - თქვა მარიამ ლაშხმა.
ცნობისთვის, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს ვიზა დასჭირდებათ.
გადაწყვეტილება 3 აპრილიდან ამოქმედდება.