"ოცნებას" არ აქვს რესურსი აშშ-თან ურთიერთობები გადატვირთოს - ოპოზიცია

02.04.26 15:35
"ოცნებას" არ აქვს რესურსი აშშ-თან ურთიერთობები გადატვირთოს - ოპოზიცია

ივანიშვილის გუნდის ოპტიმისტურ განცხადებებს, რომლებიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესაძლო გადატვირთვას უკავშირდება, ოპოზიცია სკეპტიკურად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი მოლოდინები რეალურ საფუძველს მოკლებულია.

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნება" საზოგადოებაში მოლოდინების ხელოვნურად შექმნას ცდილობს.

იმედს აცოცხლებენ საკუთარ მხარდამჭერებში, რომ აი, ახლა იქ რაღაც ხდება, რაღაც, რაც დაფარულია და არავინ იცის და ცოტა ხანში გამჟღავნდება და ხან აპრილში, ხან იანვარში და ხან როდის და ხან როდის. ჯერჯერობით არაფერი გამოდის. მე ვეჭვობ, რომ გამოვიდეს, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ოპოზიციაში ასევე საუბრობენ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და მის გაწყვეტაზე პასუხისმგებლობას "ოცნების" ხელისუფლებას აკისრებენ. 

სტრატეგიული პარტნიორობა არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გაწყდა "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული და ანტიამერიკული ქმედებების გამო და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი საქართველოსთვის და ქართული ეროვნული ინტერესესითვის. შესაბამისად, ამერიკის მეტი ჩართულობა იქნება ყოველთვის მისასალმებელი, მაგრამ "ქართული ოცნების" რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ ეს ჩართულობა არ მოხდება პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე და კონკრეტული პოლიტიკური ზომების მიღების გარეშე, - ამბობს "ლელოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია.

ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე პროცესს რეგიონულ უსაფრთხოებასაც უკავშირებს და მიიჩნევს, რომ აშშ-ის ინტერესები რეგიონში იზრდება. 

ირანში აშშ-ს სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესი რეგიონში და ჩვენს ქეყანაში კონკრეტულად იზრდება და არავინ დაუშვებს იმას, რომ საქართველოში ირანული რეჟიმის გავლენები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს საფრთხეს უქმნის აშშ-ს, საფრთხეს უქმნის, ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოებას, - ამბობს დეკანოიძე. 

გახარიას გუნდში კი ფიქრობენ, რომ არსებული საგარეო პოლიტიკური კურსის პირობებში, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა რთული იქნება. 

საგარეო პოლიტიკაში სრულიად არასწორი ვექტორის არჩევის გამო "ოცნებას" არ აქვს რესურსი რეალურად ამერიკასთან მიაღწიოს სტრატეგიული ურთიერთობის განახლებას. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არც მივესალმებით, არც სახარბიელო რეალობა გახლავთ, მაგრამ სანამ "ოცნება" იქნება, სამწუხაროდ, მოლოდინი იმის, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს, სამწუხაროდ, არ გვაქვს, - ამბობს გიორგი შარაშიძე. 

გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აშშ-სთან ურთიერთობების შესაძლო გაუმჯობესებაზე ისაუბრეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შორის გამართული საუბრის შემდეგ არსებობს „ფრთხილი იმედი“, რომ ვაშინგტონი თბილისთან ურთიერთობების გადატვირთვას და თანამშრომლობის გაჯანსაღებას შეძლებს.

ამასთან, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკასთან ურთიერთობებში შესაძლო „გარღვევაც“ დააანონსა. 

პარტიის გენერალური მდივანი ასევე მიანიშნებს აპრილში დაგეგმილ ვიზიტებზე, რაც, მისი შეფასებით, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს.