კალაძის სისტემაში უკვე 2 სხვადასხვა სფეროში ძალიან დიდი კორუფცია დადასტურდა - საბა ბუაძე

02.04.26 18:41
კალაძის სისტემაში უკვე 2 სხვადასხვა სფეროში ძალიან დიდი კორუფცია დადასტურდა - საბა ბუაძე

უფასო სასადილოებიდან ფულის მოპარვის საქმე - საბა ბუაძე ამბობს, რომ შეუძლებელია აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიას არაფერი სცოდნოდა.

თუ არ იცოდა, ეს ათავისუფლებთ მათ პასუხისმგებლობიდან, ვინაიდან დანაშაულებრივ გულგრილობასთან გვაქვს საქმე - აცხადებს საბა ბუაძე.

მისი თქმით, კომპანიების დირექტორებთან ერთად რომლებიც სუს-მა აღნიშნული საქმის ფარგლებში დააკავა, აუცილებლად უნდა დადგეს თბილისის მერიის პასუხისმგებლობის საკითხიც. 

კალაძის სისტემაში უკვე 2 სხვადასხვა სფეროში ძალიან დიდი კორუფცია დადასტურდა, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მისი პასუხისმგებლობა ეს არ არის, ან მან არ იცოდა, არის კომიკური - ამბობს ბუაძე. 

პარადოქსი არის ის, რომ დააკავეს კომპანიების წარმომადგენლები ისე, რომ თბილისის მერიის თანამშრომლების პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რაც არის საზოგადოების დაცინვა და მოტყუება, იმიტომ, რომ შეუძლებელია, ამ კომპანიებს ეს დანაშაული და წლების განმავლობაში ჩაედინათ ისე, რომ თბილისის მერიას ეს არ სცოდნოდა და თუ არ იციდა, არც ეს ათავისუფლებთ მათ პასუხისმგებლობიდან, ვინაიდან დანაშაულებრივ გულგრილობასთან გვაქვს საქმე.  ამ სისტემის პოლიტიკური მფარველი და ხელმძღვანელი არის კახა კალაძე. შესაბამისად, როდესაც მის სისტემაში უკვე დადასტურდა, ორ სხვადასხვა სფეროში ძალიან დიდი კორუფცია , საუბარი იმაზე, რომ კახა კალაძის პასუხისმგებლობა ეს არ არის, ან მან არ იცოდა ან არ მონაწილეობდა, არის უბრალოდ კომიკური", - აცხადებს საბა ბუაძე. 

სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.

  • შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.