შეუძლებელია, უწყებაში ჩინოვნიკები იპარავდნენ ფულს და ეს არ იყოს კალაძის პასუხისმგებლობა - ჩერქეზიშვილი

03.04.26 11:38
შეუძლებელია, უწყებაში ჩინოვნიკები იპარავდნენ ფულს და ეს არ იყოს კალაძის პასუხისმგებლობა - ჩერქეზიშვილი

შეუძლებელია, უწყებაში ჩინოვნიკები იპარავდნენ ფულს და ეს არ იყოს კალაძის პასუხისმგებლობა - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ჩერქეზიშვილი უფასო სასადილოებიდან გაჭირვებული ადამიანების საკვებისთვის გამოყოფილი ფულის მოპარვის საქმეს.

ჩერქეზიშვილის თქმით, ბაგა-ბაღებიდან მოპარული ფულის შემდეგ, ახლა კალაძის უწყებას უფასო სასადილოების სკანდალიც წამოეწია და თავად სუს-მა დაადასტურა, რომ უწყებაში მილიონებია მოპარული.

თვითონ "ოცნების" უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ მოპარულია 3 მილიონნახევარი ლარი. ცოტა ხნის წინ, იგივე კორუფციული ამბავი გამოუვლინდა ბაგა-ბაღების სააგენტოში, მაშინაც არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. ახლაც 4 გამგეობა არის ამოსული ხომ ზედაპირზე - კრწანისის, მთაწმინდის, ისნის და კიდევ მეოთხე გამგეობა. როგორ შიეძლება წლებსი განმავლობაში ხდებოდეს ეს ამბავი და არავინ არაფერ შუაში არ იყოს. ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება, იქ არის პირობები ინსპექტირების და შესაბამის ადამიანებს აქვთ ვალდებულება, გააკეთონ ინსპექტირება, როგორი ხარისხის მოდის ეს პროდუქცია, როგორ მოდის, რა ფასად მოდის და მიღება-ჩაბარების აქტებზე ვინც აწერდა ხელს, ამას არ აკეთებდენ? შეუძლებელია, უწყებაში იპარავდნენ საშუალო და დაბალი რგოლის ჩინოვნიკები ფულს და ეს არ იყოს პასუხისმგებლობა უმაღლესი პირის, ამ შემთხვევაში კახა კალაძის. 1,70-ად კვებავენ თქვენ იცით სოციალურად დაუცველებს, 2022 წლიდან ეს თანხა არ გაზრდილა, მაშინ როცა, ასტრონომიულად გაიზარდა ფასები ყველაფერზე. როგორც შეიძლება ფასები იზრდებოდეს ყველაფერზე და არ იზრდებოდეს ეს თანხა? აქაც ჩნდება კითხვები - რაღაცა არ არის წესრიგში, რაღაცა არ არის სწორად და რარაც ადმინისტრირება არ ხდება ჯანსარად", - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა. 

სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები - დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით - 26 513 573 ლარი.

  • შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.