"შე აგენტო", "გააგებინეთ კობახიძეს" დაპირისპირება ფასების კომისიაზე
პარლამენტში, ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა, დღეს 3 აპრილს მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მედიკამენტების ფასებზე მსჯელობა კამათში გადაიზარდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ერთ მომენტში სატელევიზიო ტრანსლაციის ხმაც კი გათიშეს.
დაპირისპირება საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის ძალის“ დეპუტატ ეკა სეფაშვილსა და გიორგი გახარიას საპარლამენტო ფრაქციის წევრს , დაჯი კოვზირიძეს შორის დაიწყო, მანამდე იყო კონფლიქტი კოვზირიძესა და საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს შოთა ბერეკაშვილს შორის.
ბატონო შოთა, გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით ბატონ კობახიძეს, რომ არაფერი არ გამოდის და უბრალოდ, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. კობახიძე ცდილობს წინა ადმინისტრაციიდან გადმოაწყოს ბიზნესი ახალ ადმინისტრაციაზე. იმის გამო, რომ ხომ ბრძანა ბატონმა კალაძემ, თქვენმა ერთერთმა ლიდერმა, რომ 99% არის თქვენი დამფინანსებელი და თქვენი მხარდამჭერი და, ანუ, ახლა რა გინდათ თქვათ, რომ ამ თქვენ მხარდამჭერებს, ამ თქვენ დამფინანსებლებს, თქვენ რას შვრებით, ახლა ფასებს დააკლებინებთ? და თქვენ დარდობთ მოსახლეობაზე, რომ მოსახლეობას ჰქონდეს დაბალი ფასები? ეს არის უბრალოდ სრულიად ტყუილები და კიდევ მოგიწოდებთ, გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით, რომ არაფერი არ გამოდის, ხალხსაც გაეხარდება და თქვენც უფრო ძალიან მამაცად გამოჩნდებით. განაცხადა კოვზირიძემ.
კამათის ერთ-ერთი მთავარი თემა შესაძლო კარტერული შეთანხმებები გახდა. დეპუტატებმა კითხვები დასვეს, რატომ არის სხვადასხვა აფთიაქში კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასები იდენტური, მათ შორის ფასდაკლებების პირობებშიც.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში მედიკამენტების ფასები ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით დაბალია და დამატებითი, თუნდაც 10%-იანი გაიაფება, მათივე თქმით, პრაქტიკულად შეუძლებელია.