ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულია აფგან სადიგოვი - ვიდეო

04.04.26 23:36
ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულია აფგან სადიგოვი - ვიდეო

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მცხორები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.

ინფომაცია და კადრები ჟურნალისტის ცოლმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

კადრებში ორი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი და 112-ის რამდენიმე თანამშრომელი ჩანს. 

სევინჩ სადიგოვას თქმით, პოლიცია კარის გატეხვას ცდილობდა, თუმცა მისმა ქმარმა მათ კარი თავად გაუღო, რის შემდეგაც ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

„ცოტა ხნის წინ საქართველოს პოლიცია ჩემი მეუღლის, აფგან სადიგოვის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. თავდაპირველად ბინის კარის შემტვრევას ცდილობდნენ და კარის გაღებას მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც აფგანმა კარი გააღო, მასზე ფიზიკურად იძალადეს და ყოველგვარი დასაბუთებული მიზეზის გარეშე, ძალის გამოყენებით წაიყვანეს. მოგვიანებით სათვალთვალო კამერა გამორთეს და ჩანაწერები წაშალეს. თუმცა, წაშლამდე ზოგიერთი კადრის შენახვა მოვასწარი“, - წერს ჟურნალისტის მეუღლე სევინჩ სადიგოვა. 

ჟურნალისტის დაკავების მიზეზი და მისი ამჟამინდელი ადგილმდებარეობა ადვოკატებისთვისაც უცნობია. თამთა მიქელაძის ცნობით, სადიგოვი დღეს, 4 აპრილის 22:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში დააკავეს.

"პირველები" დეტალებს ამ წუთებში არკვევს.  

აფგან სადიგოვი თბილისში მიმდინარე უწყვეტი აქციების აქტიური მონაწილეა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2025 წელს გზის გადაკეტვის საბაბით ორჯერ დააკავეს.

ჟურნალისტი ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს 2024 წლსაც.  

გასული წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ  აზერბაიჯანის ხელისუფლება აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრებოდა. ციხეში ყოფნისას 141 დღის განმავლობაში შიმშილობდა.