"უკანონობის კასკადი" - მამუკა ანდღულაძე სადიგოვის საქმეზე

05.04.26 13:19
"უკანონობის კასკადი" - მამუკა ანდღულაძე სადიგოვის საქმეზე

"ოცნების" ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელი მედიის წარმოამდგენლები დევნის და ჩაგვრის სამიზნეები არიან, - ასე აფასებს მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე აფგან სადიგოვის ექსტრადირების გადაწყვეტილებას. 

ანდღულაძის თქმით, "ქართული ოცნება" უგულებელყოფს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ევროპულ სამართალს. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი მედია კრიტიკულ მდგომარეობაშია. ზოგადად, ნებისმიერი ჟურნალისტი, საქართველოს მოქალაქე იქნება თუ უცხოელი, არის დევნის, ჩაგვრის და უკანონობის სამიზნე. ის, რაც ამ კაცს გაუკეთეს "ქართული ოცნების" პირობებში, ეს არის უკანონობა, უკანონობის კასკადი და ასევე ის ჯოჯოხეთი, რაც მან და მისმა ოჯახმა გამოიარა, კიდევ უფრო დიდი განსაცდელის წინაშე დგას.

ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნების" ხელისუფლება უგულებელყოფს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ევროპულ სამართალს, - ამბობს მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.