აფგან სადიგოვის უკანონო დაკავება და ქვეყნიდან გაძევება ავტორტარიზმის მორიგი გამოხატულებაა - "ძლიერი საქართველო"

05.04.26 16:47
აფგან სადიგოვის უკანონო დაკავება და ქვეყნიდან გაძევება ავტორტარიზმის მორიგი გამოხატულებაა - "ძლიერი საქართველო"

კოალიცია "ძლიერი საქართველო" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უკანონო დაკავებას და ქვეყნიდან გაძევებას გმობს და ფაქტს ევროპული სამართლებრივი სივრცის წინააღმდეგ დემარშად აფასებს. ამის შესახებ მათი მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კოალიციის თქმით, "ოცნებამ" შეგნებულად და ცინიკურად უგულებელყო საერთაშორისო ვალდებულებები და  შუაღამეს, ფორსირებულ რეჟიმში ჩაატარა სასამართლო პროცესი, რაც მათი შეფასებით "ავტორიტარიზმის მორიგი გამოხატულებაა". 

მომხდართან დაკავშირებით კოალიცია გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, ვინც აღნიშნულ პროცესში მიიღო მონაწილეობა. 

კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელო" კატეგორიულად გმობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის უკანონო დაკავებისა და ქვეყნიდან გაძევების ფაქტს, რაც წარმოადგენს ღია დემარშს ევროპული სამართლებრივი სივრცის წინააღმდეგ, რადგან პირდაპირ უგულებელყოფს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აფგან სადიგოვის საქმე იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ. ამის მიუხედავად, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შეგნებულად და ცინიკურად უგულებელყო საერთაშორისო ვალდებულებები და ფარულად, შუაღამეს, ფორსირებულ რეჟიმში ჩაატარა სასამართლო პროცესი, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან ავტორიტარიზმის მორიგი გამოხატულებაა.

"ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მისთვის ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და საერთაშორისო სამართალი მხოლოდ დეკლარაციაა და არა ვალდებულება.

"ქართული ოცნება" ქვეყნის სუვერენიტეტზე მხოლოდ მაშინ საუბრობს მაღალი ტრიბუნებიდან, როცა სურს გაამართლოს მისი არადემოკრატიული ნაბიჯები. სინამდვილეში კი, როცა მას სჭირდება, მაშინ სრულად უგულებელყოფს საქართველოს დემოკრატიულ და ეროვნულ ინტერესებს.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა არის გზავნილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაარღვიოს კანონი, თუ ეს მის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელო" მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტზე, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ ანტისამართლებრივ აქტში!, - ნათქვამია განცხადებაში. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლემ გამთენიისას მიიღო. მის ექსტრადიციას აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა.

სადიგოვი თბილისში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილე იყო და ბოლო წლებში რამდენჯერმე დააკავეს, მათ შორის გზის გადაკეტვის ბრალდებით. 2024 წელს მას საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს.

ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანში კრიტიკული პოზიციის გამო იდევნება და ექსტრადიციის შემთხვევაში სიცოცხლის საფრთხე ემუქრება. პატიმრობის პერიოდში სადიგოვი 141 დღე შიმშილობდა.