სკანდალი: გახმაურებული "მკვლელობები" მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა

06.04.26 13:10
სკანდალი: გახმაურებული "მკვლელობები" მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გახმაურებულ საქმეებს მკვლელობების კვალიფიკაციას აძლევს და ყველა მათგანს "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

სკანდალური განცხადებები ექს-პრეზიდენტმა საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, პირველი "მსხვერპლი" 2012 წლის არჩევნების წინა დღეს გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცი იყო, რომელიც პატიმარი პრეზიდენტის თქმით, "რუსული სპეცსამსახურების შეკვეთით მოკლეს". საკაშვილმა თქვა, რომ სპეცსამსახურები მაშინ საქართველოში არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის დასახმარებლად იყვნენ ჩამოსულები.  

ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან. მათი პირველი რიტუალური მსხვერპლი იყო 8 თვის ბარბარე რაფალიანცი. მაშინ, რუსეთიდან 5 კაციანი სპეცჯგუფი იყო ჩამოსული ეფ ეს ბესი არჩევნებზე დასახმარებლად ივანიშვილისთვის და ამ ჯგუფმა შესთავაზა ორი ვარიანტი ივანიშვილის კარს - ან ივანიშვილზე თავდასხმის ინსცენირება, ან რომელიმე აქტივისტის მოკვლა. რა თქმა უნდა, თავდასხმის ინსცენირებაზე ითქვა უარი და შემდეგ ამას მოჰყვა ბარბარე რაფალიანცის რიტუალური მსხვერპლშეწირვა. რუსული სპეცოპერაციის ნაწილი იყო ის, რაც მოხდა ბარბარე რაფალიანცის თავს და ესენი მოვიდნენ ბარბარე რაფალიანცის, 8 თვის ჩვილის სისხლით ხელისუფლებაში"- თქვა სააკაშვილმა.  

სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავის 2"-ის დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილზეც ისაუბრა, თქვა, რომ მედიამენეჯერი მოკლულია და მომხდარში პასუხისმგებლობა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილს "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება ძალიან უნდოდა, ამიტომ კიწმარიშვილი მოიშორა". 

შემდეგი შეკვეთილი მკვლელობა იყო ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა. ივანიშვილს სასიცოცხლოდ უნდოდა რუსთავი 2 -ის ხელშ ჩაგდება. ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც იყო ყოფილი მფლობელი და დამფუძნებელი, მისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. იმ დროს ჩამოვიდა კიდევ ერთი ჯგუფი რუსეთიდან, როგორც ვიცით, კამერა დაატრიალეს, ეროსი მოკლეს და ის, ვინც გაიძახოდა, რომ ეროსი მოკლეს, ან მოსყიდვით ან დაშინებით გააჩუმეს. ეს იყო ერთმნიშვნელოვნად შეკვეთილი მკვლელობა. და, მე ვაკისრებ პასუხისმგებლობას ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობისთვის პირადად ივანიშვილს"- განმარტა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვრცელ სიტყვაში 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩიაშვილის ბურუსით მოცულ სიკვდილზეც ისაუბრა. სააკაშვილი წინა ორი შემთხვევის მსგავსად, დარწუნებულია, რომ ახალგაზრდა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია.

შემდეგი მკვლელობა იყო თამარ ბაჩალიაშვილის. ძალიან ცხელი თემა იყო, როგორ ტარდებოდა სპეცოპერაცია და ვითომ თავი მოიკლა", - თქვა სააკაშვილმა.

10 თვის ბარბარე რაფალიანცის საქმე:

  • 2012 წლის 30 სექტემბერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ცხედარი წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. მაშინ, ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა. შინაგან საქმეთა მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ, თუმცა მოგვიანებით ღარიბაშვილმა თქვა, რომ იჩქარა. 

ეროსი კიწმარიშვილის საქმე: 

  • "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში 2014 წლის 15 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს. მის თვითმკვლელობას ოჯახი თავიდანვე გამორიცხავდა. ეროსი კიწმარიშვილი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდშიც აქტიურად აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაში ადანაშაულებდა. ის ასევე აცხადებდა, რომ რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის საქმე მის გარეშე ვერ გადაწყდებოდა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე:

  • 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავდნენ. ახალგაზრდა ქალის მშობლები ამბობენ, რომ ბაჩიაშვილი მოკლეს საქმე კი ჩაფარცხეს.