[კობახიძესთან შეხვედრაზე] საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში - ილჰამ ალიევი

06.04.26 15:03
[კობახიძესთან შეხვედრაზე] საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა "ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა როგორც რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ისე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მისი განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი რეალობის ფონზე, რეგიონმა უნდა შეინარჩუნოს ფოკუსი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა უკვე 3.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ეკონომიკაში და მხარეებმა ახალი საინვესტიციო პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებაც იმსჯელეს.

„ეკონომიკურ სფეროში ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს. ჩემს ვიზიტამდე ჩვენი თანამშრომლობის სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედე და მილიარდობით დოლარი იხარჯება საქართველოში, ზრდა არის შთამბეჭდავი. პირველი კვარტლის მაჩვენებლები ამას ადასტურებს. წლის ბოლოსთვის ჩვენ გადავაჭარბებთ რამდენიმე მილიარდს და საინვესტიციო კლიმატი ბიზნესს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს. 3.6 მლრდ დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე. ჩვენ, შესაძლოა განვიხილოთ მე-3 ქვეყნებში ერთობლივი ინვესტიციები. ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებაზე, არსებულ მდგომარეობაზე. გამონაკლისი არ ყოფილა ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი. მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბრძანეთ სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ სამომავლოდ ყველა ნაბიჯი ამ მშვიდობას უნდა აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და საინვესტიციო გარემოს, რაც, მისი თქმით, უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

„ნება მიბოძეთ, მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო მოწვევისთვის და მიღებისთვის. ყოველთვის დიდი პატივია მოძმე საქართველოში ჩამოსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი კიდევ ერთ იმპულსს მისცემს ჩვენი ძმური ურთიერთობების განვითარებას. საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები. ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება. მეგობრული, მეზობლური და ძმური ურთიერთობების განვითარებაში ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გილოცავთ ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენ და თქვენს მთავრობას თქვენს მიღწევებს. საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. თქვენ ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმენით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის, აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატებაში დამატებითი წვლილი შეიტანონ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდება თანმიმდევრულად და დინამიურად. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორივე ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დაურღვევლობას ჩვენი საზღვრებისა. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც,“- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მსგავსი სიახლეები