პუტინთან შეხვედრები ნოღაიდელისთვის ღალატი არ არის - რა თქვა ექს-პრემიერმა სასამართლოს დასრულების შემდეგ

06.04.26 15:36
პუტინთან შეხვედრები ნოღაიდელისთვის ღალატი არ არის - რა თქვა ექს-პრემიერმა სასამართლოს დასრულების შემდეგ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში მიხეილ სააკაშვილი მწვავედ აკრიტიკებს -  მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ვერ მისცემს მას შენიშვნებს და ვერც "მოღალატედ" მოიხსენიებს.

ნოღაიდელი დღეს სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. [სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება].

დღევანდელი პროცესი ხმაურიანი აღმოჩნდა - სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ერთმანეთს მიხეილ სააკაშვილი და ზურა ნოღაიდელი დაუპირისპირდნენ. სააკაშვილმა მოწმეს კითხვები დაუსვა 2009 წელს რუსეთში ვიზიტისა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შესახებ და "მოღალატე" უწოდა.

სხდომიდან გამოსულმა ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ რუსეთში ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხები იყო.

„საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობაზე. ეს ასჯერ გაქვთ მოსმენილი“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

მისივე თქმით, სააკაშვილთან დაპირისპირებისას საკუთარი პოზიცია სასამართლოშიც პირდაპირ დააფიქსირა.

„სააკაშვილზე არ მათქმევინოთ, რასაც ვფიქრობ. რასაც ვფიქრობ, ვუთხარი სხდომათა დარბაზში. ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს ვერ დამიძახებს“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

დამატებით კითხვებზე პასუხად ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი შეფასებები „რუსული პროპაგანდა“ არ არის და საკუთარი შეხედულებაა.

„არ უნდა ეფორთხა. არ არის ეს რუსული პროპაგანდა, ეს ჩემი პროპაგანდაა, დაიცვა არა ის. არ უნდა იფორთხო. [დაცვის თანამშრომლებმა] მთავარსარდალი უნდა დაიცვან ოღონდ, ღირსეული მთავარსარდალი.  [სააკაშვილი] ღირსეული არ იყო“, - განაცხადა მან.

ნოღაიდელმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლისთვის სააკაშვილი აღარ იყო "ღირსეული ლიდერი", თუმცა მანამდეც არსებობდა პრობლემები.

„2008-ში აღარ იყო ღირსეული, მანამდეც ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში... - განაცხადა ნოღაიდელმა.

პუტინთან შეხვედრის საკითხზე საუბრისას ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ეს „მთავარი საკითხი არ არის“, ხოლო ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საზოგადოება ამას "ღალატად აღიქვამს", უპასუხა, რომ „არ აღიქვამს“.

მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უნდა დალაგდეს.

„აუცილებლად უნდა დალაგდეს.... ვისი წყალობითაც დალაგდება, იმის წყალობით დალაგდება. თქვენი აზრი არაა საინტერესო, გგონიათ საზოგადოებას წარმოადგენთ?“ - მიმართა ნოღაიდელმა ჟურნალისტს.

ამასთან, სასამართლო პროცესზე ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტს რამდენჯერმე, დაახლოებით 4-5-ჯერ შეხვდა.