"ოცნებაში" ივანიშვილის გავლენებს ადასტურებენ: მნიშვნელობა არ აქვს ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება
მას შემდეგ, რაც მედიაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრების კადრები გავრცელდა, "ოცნებაში" ივანიშვილის გავლენებს ადასტურებენ. "ოცნების" დეპუტატები ამტკიცებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზეა ივანიშვილი ან არის თუ არა ის პოლიტიკაში, რადგან მისი როლი და პასუხისმგებლობა "სხვა ხარისხშია".
ლევან მაჭავარიანის მტკიცებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილია ქვეყანაში "მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების მთავარი გარანტი".
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას და როლს, ეს პასუხისმგებლობა და როლი ყოველთვის უფრო განსხვავებულ ხარისხშია, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ პოზიციას შეესაბამება. მნიშნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იქნებოდა შემოსული, შემოვიდა, კონკრეტულ პოზიციას იკავებდა თუ არა. ხვალ რომ პოლიტიკიდან გავიდეს, მაინც მისი როლი და მისი პასუხისმგებლობა არის სხვა ხარისხში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების და დამტკიცების, ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვის, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების მთავარი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი თუ პერსონებამდე დავალთ, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ბიძინა ივანიშვილის "დამსახურებებზე" ამახვილებს ყურაღებას გია ვოლსკიც. მისი მტკიცებით, ივანიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის გადარჩენის პროცესში და ამიტომ ყველას მიერ დაფასებულია.
გადაღებული კადრებით არ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღო იმის თაობაზე, თუ ვის მეტი გავლენა აქვს. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი, ჩამომყალიბებელი, მაგრამ არცერთხელ არცერთი თავისი ქმედებით ან სიტყვით, მითმეტეს ამ ბოლო პერიოდში, არ გამოუვლენია ის, რომ ის ვინმეზე მაღლა დგას. ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა და არც განწყობა. ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოში ჩამოსული სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ლიდერთან და რასაკვირველია, ამ თემასთან დაკავშირებით ინტერპრეტაცია მე თქვენ ვერ დაგიშლით.
ბიძინა ივანიშვილს რა როლიც ჰქონდა, იგივე როლი აქვს. როლი აქვს მნიშვნელოვანი, როგორც ბევრ ჩვენთაგანს, მაგრამ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი, როგორც ამ ხელისუფლების ჩამომყალიბებელი, როგორც ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის გადარჩენის პროცესში, რასაკვირველია, შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ, - ამბობს ვოლსკი.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს თბილისში, ბიზნესცენტრში შეხვდა. შეხვედრის ამსახველი კადრებში, საუბარი არ ისმის, ის პარტიის პრესსამსახურმა შეხვერის დასრლების შემდეგ გაავრცელა.
ბიძინა ივანიშვილამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელიც 6 აპრილს თბილისში მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად ჩამოვიდა, შეხვდა ირაკლი კობახიძესა და მიხეილ ყაველაშვილს.
აღსანიშნავია, რომ ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 5 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან აზერბაიჯანში გააძევა ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. ალიევის კრიტიკოსის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმაღამის 04:00 საათზე მიიღო.