ფასების კონტროლი ბევრ ქვეყანაში სცადეს, მაგრამ წარუმატებლად - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი

07.04.26 15:12
ფასების კონტროლი ბევრ ქვეყანაში სცადეს, მაგრამ წარუმატებლად - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი

ფასების კონტროლი ბევრ ქვეყანაში სცადეს, მაგრამ წარუმატებლად, - ამის შესახებ დღეს სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა თბილისში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად მისიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეფექტიანი მიდგომა კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმებზე აქცენტია, ხოლო ბაზარში პირდაპირი ჩარევა გრძელვადიან რისკებს ქმნის.

ბევრი ქვეყანა ყურადღებას ამახვილებს კონკურენციის პოლიტიკაზე, მათ აქვთ დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოები, რომელთა ფუნქციაც მდგომარეობს იმის შეფასებაში, თუ რამდენად თანხვედრაშია კომპანიების ოპერირება საბაზრო და კონკურენციის ჩარჩოსთან. ფასის გამოკვლევა შეიძლება გამოსადეგი იყოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოზე აქცენტი, რადგანაც ეს ამ ორგანიზაციის მანდატს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ზომები, რომლების გატარებაც იგეგმება, შესაბამისობაში იყოს თავისუფალ ბაზართან რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ჩარევები, რომლებმაც მომავალში შეიძლება ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ფასების კონტროლის მსგავსი მექანიზმები არაერთხელ უცდიათ სახელმწიფოებს არ ვამბობ, რომ ეს არის ის რისი მცდელობაც აქვს ახლა სახელმწიფოს, თუმცა ფასების კონტროლი სცადეს ბევრ ქვეყანაში და ის ყოველთვის წარუმატებელი იყო. შესაბამისად, აუცილებელია თავისუფალი კონკურენტული გარემოს შენარჩუნება, - განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგი. 

IMF-ის მისიამ გასული ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან გამართული შეხვედრები შეაჯამა და საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით შეფასება წარადგინა. შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებს შემსწავლელი საპარლამენტო კომისია სექმნა -  მისი უფლებამოსილების ვადა სამი თვით განისაზღვრა.

კომისიას 14 წევრი ჰყავს, რომლებიც პროპორციულად წარმოადგენენ საპარლამენტო ჯგუფებს. „ქართულ ოცნებას“ კომისიაში შვიდი წევრი ჰყავს, ოპოზიციურ პარტიას „საქართველოსთვის“ – სამი, „ხალხის ძალას“ – სამი და „ევროპელ სოციალისტებს“ – ერთი.