ფასების შემცირების მოლოდინში პროდუქტი ისევ ძვირდება - ეროვნული ბანკი გარე შოკებზე მიუთითებს

07.04.26 20:29
ფასების შემცირების მოლოდინში პროდუქტი ისევ ძვირდება - ეროვნული ბანკი გარე შოკებზე მიუთითებს

ეროვნული ბანკი ფასების ზრდის მიზეზად გარე ფაქტორებს ასახელებს, თუმცა ქვეყანაში ინფლაციის მოლოდინის ფონზე კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ ჩანს.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ფასების ზრდაზე გავლენას ახდენს გარე შოკები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი. მიუხედავად ამისა, იმ დროს, როცა ქვეყანაში ფასების მატების ახალი ტალღაა მოსალოდნელი, ხელისუფლების მხრიდან აქტიური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა და გადაწყვეტილებები მოლოდინის რეჟიმში რჩება.

მოსახლეობა კვლავ ელოდება დაპირებულ ფასების შემცირებას, რომლისთვისაც ივანიშვილის გუნდმა სამთავრობო და საპარლამენტო კომისიები შექმნა. თუმცა, გაურკვეველია, რა კონკრეტული მექანიზმებით გეგმავენ ისინი ფასების ზრდის შეკავებას.

ეკონომისტების შეფასებით, კონკურენციისა და შესაძლო კარტერული გარიგებების კონტროლი უკვე არსებული ინსტიტუტის — კონკურენციის სააგენტოს ფუნქციაა, თუმცა ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ დამატებითი კომისიების შექმნა არჩია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფასებში პირდაპირი ჩარევის პრაქტიკას საერთაშორისო დონეზე წარმატება იშვიათად მოაქვს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს მთავრობის მიდგომასთან დაკავშირებით.

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ საწვავის ფასების ზრდა ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და გავლენას ახდენს თითქმის ყველა პროდუქტზე. მათი პროგნოზით, აპრილში ფასების მატება შესაძლოა დაჩქარდეს, რაც განსაკუთრებით აისახება სურსათსა და პირველადი საჭიროების პროდუქტებზე.

მიმდინარე ვითარებაში, სპეციალისტების შეფასებით, დროული და ეფექტიანი ნაბიჯები აუცილებელია, რათა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე დამატებითი ზეწოლა შემცირდეს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.