პროკურატურის უარი ჯუანშერ ბურჭულაძეს - საპროცესო შეთანხმება არ იქნება

08.04.26 14:58
პროკურატურის უარი ჯუანშერ ბურჭულაძეს - საპროცესო შეთანხმება არ იქნება

საპროცესო შეთანხმება არ იქნება - პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. 

საპროცესო შეთანხმება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს გაუფორმდება.

პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს, ვლადიმერ ღუდუშაურთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების ოქმი წარუდგინა.

საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განმარტებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უნდა ჩამოერთვას ესპანეთში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე საქართველოში - დაბა-წყნეთში მდებარე სახლი და მასთან დაკავშირებული ფართები.

რას ამბობს საქმის პროკურორი?

ბრალდების მხარის განმარტებით, თითოეული ბრალდებულის საკითხი ინდივიდუალურად იქნა განხილული, რის შედეგადაც საპროცესო შეთანხმება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმდება.

ანი ლეკიაშვილის განმარტებით, სასამართლო პროცესის ამ ეტაპზე სხვა ბრალდებულებთან შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა აღარ არსებობს, რადგან ბრალდების მხარემ უკვე გააჟღერა დასკვნითი სიტყვა და მოითხოვა საქმის არსებითად დასრულება.

პროკურატურას პოზიცია არ შეუცვლია. თავდაპირველად, როდესაც ვსაუბრობდით საპროცესო შეთანხმებაზე და როდესაც მოგვმართა წინა კვირაში ყველა ბრალდებულმა, მაშინაც დაგიფიქსირეთ, რომ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, ბრალდების მხარე განიხილავდა თითოეულ ბრალდებულთა მიმართ ინდივიდუალურად და მიიღებდა გადაწყვეტილებას. ეს არის ბრალდების მხარის უფლებამოსილება, რასაც აძლევს საქართველოს კანონმდებლობა და შესაბამისად, პროცესუალური განაწესები, აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ განიხილა ინფორმაცია, განცხადებები, ბრალდებულების დამოკიდებულება, მათი მხრიდან არსებობდა თუ არა მზაობა იმისა, რომ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მათ შორის თანამშრომლობიდან გამომდინარე გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება ვლადიმერ ღუდუშაურთან. 

ყველა ის გარემობა, რასთან დაკავშირებითაც ვისაუბრეთ, გახდა იმ გარემოების საფუძველი, რომ დღეს, ფქტობრივად უკვე დასკვნით სიტყვაზე ვიყავით მოსულები, რომ დღეს მოგვმართეს. ბრალდების მხარემ გააჟრერა დასკვნითი სიტყვა, რომლითაც მოითხოვა მის (ბურჭულაძის) მიმართ არსებითი განხილვის შედეგად დადგენა გამამტყუნებელი განაჩენის.

საქმის არსებითი განხილვის დასასრულამდე, პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიიზიკურად ამის შესაძლებლობა აღარ არსებობს, იმიტომ, რომ როგორც მოგახსენეთ, უკვე გააჟღერა ბრალდების მხარემ დაკსვნითი სიტყვა, სადაც მოითხოვა არსებითად დასრულება სამი ბრალდებულის მიმართ, ერთი ბრალდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, - თქვა დღეს პროკურორმა. 

რას ედავებიან ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას? 

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.