"არ გასპოილერებთ" - "ოცნებაში" არ ამბობენ მივლენ თუ არა 9 აპრილის მემორიალთან

08.04.26 15:48
"არ გასპოილერებთ" - "ოცნებაში" არ ამბობენ მივლენ თუ არა 9 აპრილის მემორიალთან

"ქართული ოცნება" არ ამბობს, მივა თუ არა ხვალ 9 აპრილის მემორიალთან, რათა დაღუპულ გმირებს პატივი მიაგოს. ივანიშვილის გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური მხოლოდ იმას ამბობს, რომ "ვიღაცეების პროვოკაციული დღის წესრიგით" არ ივლიან. მისი თქმით, მივლენ თუ არა, ეს სწორედ ხვალ, 9 აპრილს გამოჩნდება.

იქნებ ხვალ მიანც, მითუმეტეს, ასეთი მძიმე კვირაა, და დაემთხვა, თავი შეიკავონ და ოდნავ მაინც საკუთარ თავზე მაღა დადგნენ და ეს დღე ჩავატაროთ ისე, როგორც, პირველ რიგში, მათ სულებს ეკადრება. ნებისმიერ პროვოკაციის მოწყობის მსურველს თუ დამგეგმავს შევუთვლით აქედან და ვატყობინებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მათი დღის წესრიგით, პროვოკაციული დღის წესრიგით ვიაროთ.

ხვალ ხომ არის 9 აპრილი? დაელოდოთ, მოვლენებს ნუ გაუსწრებთ. ეკლესიაში ვართ, მათ ნათელ ხსოვნას როგორც საჭიროა პატივს მივაგებთ, სხვა შემთხვევაში, არ გასპოილერებთ და ვიღაცეების დღის წესრიგით ჩვენ არ ვმოქმედებთ, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

"ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე კი ვერ იხსენებს, როდის მოხდა, რომ ირაკლი კობახიძე 9 აპრილის მემორიალთან ვერ მივიდა. გადაჭრით ვერც ის ამბობს, მივლენ თუ არა ხვალ ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად. 

მე არ მქონია შემთხვევა, რომ ირაკლი კობახიძე სადმე იყოს მისასვლელი და ვინმეს და რაიმეს გამო ის იქ არ მისულიყოს. მე არ მახსენდება ეს, რომ ვერ მივიდა ( 9 აპრილი მემორიალთან), არ მახსოვს, მოდი, ვნახოთ წელსაც და მერე დავადგინოთ მივიდა-არ მივიდა ან რატომ მივიდა, ან რატომ არ მივიდა, - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.  

„თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება“ — ამ გზავნილით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო შეკრება დღეს, საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება.

აქციის მონაწილეები 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან, სადაც, როგორც წინა წელს, სინდისის პატიმრების დედები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ. მათი თქმით, ისინი მემორიალს დაიცავენ, რათა მისი გვირგვინით შემკობის შესაძლებლობა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს არ მიეცეთ.