პროკურორმა ჩამოთვალა ქონება, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთმევა

08.04.26 15:35
პროკურორმა ჩამოთვალა ქონება, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთმევა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა - განცხადება მედიასთან საქმის პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა განაცხადა. 

  • პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ესპანეთში, მალაგის პროვინციაში არსებული სახლის, თბილისში, დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის, ავტოფარეხისა და საზაფხული ფართის ჩამორთმევა.

ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ასევე  განმარტა, რატომ არის გამორიცხული ამ ეტაპზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

პირველი ინსტანციის სასამართლოშია ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე ეს გადაწყვეტილება [პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა] აღარ შეიცვლება. ბრალდების მხარე ითხოვს მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებაში გამტყუნებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ვლადიმერ ღუდუშაურთან მიმართებით ბრალდების მხარემ საპროცესო შეთანხმება წარადგინა, რომლის შუამდგომლობაც შემდეგ პროცესზე განიხილება. რაც შეეხება ჩამორთმეულ ქონებას, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განსაზღვრულია, რომ როდესაც უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება არსებობს საქმეში, რომელიც გამოყენებული იქნა, მათ შორის ფულის გათეთრების და უკანონოდ დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზების მიზნით, უნდა ჩამოერთვას ეს ქონება ბრალდებულს. შესაბამისად, ბრალდების მხარე მოითხოვს ჯუანშერ ბურჭულაძის მხოლოდ იმ ქონების ჩამორთმევას, რაც ეხება კონკრეტულად ამ გარემოებებს, ეს არის ნუშის ბაღების სახლი და მათ შორის, ესპანეთში შეძენილი ქონება“,- განაცხადა პროკურორმა, ანი ლეკიაშვილმა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს შეთანხმება გაუფორმდება.