დიმიტრი ხუნდაძე კობახიძის მთავრობის საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილოა

08.04.26 17:28
დიმიტრი ხუნდაძე კობახიძის მთავრობის საკადრო პოლიტიკით უკმაყოფილოა

"ხალხის ძალის" ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

დეპუტატი კობახიძის მთავრობის საკადრო პოლიტიკას იწუნებს. მისი თქმით, ხარვეზებია საკადრო პოლიტიკაში და ამ კუთხით წინასვლა არ შეინიშნება. 

საკადრო პოლიტიკის კუთხით ხარვეზები "ქართულ ოცნებას" კიდევ აქვს, ვერ ვიტყვი, რომ ეს მოგვარებულია. მთავარია, რომ სწორად იქნას დაორგანიზებულიც და ის საკითხები, რაც ჩვენ წამოვწიეთ, რომ იქნას გათვალისწინებული, ამ კუთხით ჯერჯერობით ვერ ვხედავთ წინსვლას. ასევე ვერ ვხედავთ წინსვლას, რომ დეცენტრალიზაციის ხარისხი მუნიციპალიტეტებში იქნას შენარჩუნებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, იმიტომ, რომ ხარვეზები კიდევ არსებობს. ავტომობილებთან დაკავშირებით თქვენ ნახეთ, რომ ნაწილობრივი კომპრომისი მივიღეთ, მაგრამ ეს კომპრომისი გადაფარა მაღალმა ფასმა, მაგრამ რაც შეეხება პლასტმასის აკრძალვას, ჩვენ მივიღეთ სრული კომპრომისი და ამისთვის, რა თქმა უნდა, გონივრული კომპრომისისთის უდიდეს მადლობას ვიხდით, -  ამბობს ხუნდაძე. 

"ოცნებაში" კი ამბობენ, რომ არ იციან, რას გულისხმობს ხუნდაძე აღნიშნულ განცხადებებში. ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ "ხალხის ძალის" წევრმა კონკრეტული სახელებით და გვარებით უნდა ილაპარაკოს.  

ბატონი დიმიტრის განცხადებაზე, თუ რას გულისხმობდა, ეს უნდა ვკითხოთ მას. და, ამაზე არაერთხელ, მათ შორის ბატონ პრემიერს აქვს გაკეთებული განცხადება, რომ რას გულისხმობს ბატონი დიმიტრი, მაშნ კონკრეტული სახელებით, გვარებით... მე ვერ გეტყვით... ასეთუ წუხილები თუ მოსაზრებები, თუ რაც აქვს, კონკრეტული გვარ-სახელები და ა.შ. თქვას. მე ვერ გეტყვით ბატონი დიმიტრის განცხადების უკან რა დგას და რას გულისხმობდა. ეს მას უნდა ჰკითხოთ და მეტ კონკრეტიკას მიიღებთ, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

შეგახსენებთ, ხუნდაძემ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება მაშინაც გააკრიტიკა, როცა "ოცნების" ლიდერმა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვა დააანონსა. 

"ქართული ოცნების" სატელიტ პარტიად მიჩნეული "ხალხის ძალის" ლიდერი მაშინ აღნიშნავდა, რომ კობახიძის გადაწყვეტილება "ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფდა და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა".