52 მილიონი დოლარის დაზოგვა გახდა შესაძლებელი - მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტზე

08.04.26 17:53
52 მილიონი დოლარის დაზოგვა გახდა შესაძლებელი - მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტზე

ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის მტკიცებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად 52 მილიონი დოლარის დაზოგვა გახდა შესაძლებელი. როგორც "ქართული ოცნების" მთავრობის წევრმა განაცხადა,  უახლოეს დღეებში პორტის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავება ქვეყანას საშუალებას მისცემს, გაზარდოს ტვირთების მიმოცვლა როგორც ქვეყანაში, ისე საზღვრებს გარეთ.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები შუა დერეფნის მიმართულებით. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ არსებული გენგეგმა და აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან, რის შედეგადაც სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მილიონი დოლარით შემცირდა. დავასრულეთ სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები და უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიაზე დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავებით განვაგრძობთ ვიყოთ მნიშვნელოვანი პარტნიორი შუა დერეფნის კონტექსტში, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ტვირთი და ხელი შეუწყოს ტვირთნაკადების გადაადგილებას ევროპისა და სხვა მიმართულებებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები