"ოცნება" უნგრეთის არჩევნებს დააკვირდება

08.04.26 18:32
"ოცნება" უნგრეთის არჩევნებს დააკვირდება

უნგრეთში, 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, "ქართული ოცნება" დამკვირვებლებს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილის გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, დღეს, დაადასტურა. 

"ქართული ოცნების" დეპუტატი აცხადებს, რომ უნგრეთის მოქმედი მმართველი პარტია მათი მეგობარია. დავით მათიკაშვილის თქმით, მომავალ არჩევნებში მისი გუნდი ვიქტორ ორბანის უჭერს მხარს. 

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება სულ რამდენიმე დღეში, სხვათა შორის ჩვენც მივემგზავრებით დამკვირვებლებად, ვიქნებით იქ, კი ბატონო, ვადასტურებ ამას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, არა მხოლოდ უნგრეთისთვის, რამეთუ კონსერვატიული მიმართულების ხელისუფლება, რომელიც ჰყავს უნგრეთს, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თუკი კონსერვატიული მიმართულება გაგრძელდება სახელისუფლებო დონეზე და ხალხი კვლავ დარჩება პატრიოტიზმის, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის სადარაჯოზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თან ორბანი, დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ ძალიან დიდ მეგობრებს წარმოადგენენ და ბუნებრივია, რომ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მთელი გულით მხარს ვუჭერთ ორბანს გამარჯვებისთვის, პირდაპირ შემიძლია გითხრათ.

ტრამპს აქვს გამოცხადებული ბრძოლა "დიფ სთეითის" წინააღმდეგ და ქართულ-ამერიკული ურთიერთობაც, მისი გაუმჯობესებაც პირდაპირ არის დაკავშირებული, რამდენად წარმატებული იქნება ტრამპი," - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

მანამდე, ბიძინა ივანიშვილთან აფელირებულმა ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, მორიგი ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილის იდეების გამხმოვანებლად მიჩნეული კაცი  უნგრეთის მომავალ არჩევნებზე საუბრობს და წერს, რომ "ორბანისთვის აშშ-ს მხარდაჭერა არჩევნების წინ დიდ თავის ტკივილად გადაიქცა".

შათირიშვილის შეთქმულების თეორიის მიხედვით, "დიფ სთეითმა" უნგრეთის პრემიერს დონალდ ტრამპი განგებ "დაუმეგობრა".